LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდელლა – ო’ჰენრის მოთხრობის ინსპირაციით შექმნილი ქართული ბრენდი, რომელიც საჩუქრის კეთების ხელოვნებას გვასწავლის

250
გგგ

საჩუქრები კეთების ხელოვნება და უდიდესი ემოცია – ეს „ოდელლაა“– ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საჩუქრების ნაკრებებს სთავაზობს.

„ჩვენი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ადრესატისთვის სწორი ემოციის გადაცემა. ვეცადეთ, შეგვექმნა სხვადასხვა თემატიკის სასაჩუქრე ნაკრებები, რადგან მიგვაჩნია, რომ საჩუქრის კეთების დროს მხოლოდ ადრესატი არ არის ბედნიერი, ამით სიამოვნებას იღებს საჩუქრის გამცემი ადამიანიც“, – უყვება „ფორტუნას“ აღნიშნული ბრენდის დამფუძნებელი ნიკი გობეჯიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ოდელლას“ სასაჩუქრე ნაკრები დაკომპლექტებულია თავის მოვლის საშუალებებით, სამკაულებით, ასევე ნაბახუსევზე საჭირო პროდუქტებით.

„გარდა ამ ყველაფრისა, პანდემიის პერიოდმა გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების გაზიარება, ამიტომ შევქმენნით პროდუქტი – „ჩემი გოგო/ბიჭი ავად არის“. ვფიქრობ, თუ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ავად არის, მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღების გამოხატვას, ზრუნვას. ასევე გვაქვს კონკრეტული დღესასწაულებისთვის შექმნილი სპეციალური ნაკრებები, მაგალითად – საახალწლო, სიყვარულის დღისთვის და სხვა. ჩვენთვის აუცილებელი პირობაა, რომ ჩვენს ნაკრებში ერთი პროდუქტი მაინც იყოს ქართული წარმოების. გვაქვს ქართველი მხატვრების ნახატები და მომხმარებელს შეუძლია, მაგალითად, თავის მოვლის ნაკრებთან ერთად, მათი ნამუშევარიც შეიძინოს. გულწრფელად გვეამაყება, რომ ქართული  პროდუქტი არის ჩვენს ნაკრებში ხელმისაწვდომი“, – ამბობს ნიკი გობეჯიშვილი.

მისივე განმარტებით, სასაჩუქრე ნაკრებების მიმართულებით საქართველოში მაღალი კონკურენციაა, ამიტომ, „ოდელლა“ ცდილობს, მუდმივად საინტერესო სიახლეებით გაუწიოს კონკურენცია ბაზრის სხვა მოთამაშეებს.

„ჩვენთან ყველაფერი არის სიყვარულით გაკეთებული, ჩალაგებული, შეფუთული და ჩვენი კურიერიც სწორედ ამ ემოციით მიდის ადრესატამდე“, – დასძენს გობეჯიშვილი და აქვე ამბობს, რომ „ოდელლა“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც საკუთარ დასთან და დისშვილებთან ერთად შექმნა.

„ამ პროცესში მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ოჯახის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის წევრები გავერთიანდით და ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი სეგმენტისთვის იქნება მისაღები. ყოველთვის მოგვწონდა საჩუქრების კეთების პროცესი და ამის საფუძველზე დადებითი ემოციების გაზიარება ერთმანეთისთვის. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ამას თუ საქმედ ვაქცევდით, კიდევ უფრო სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს, ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი და ზუსტად ხვდება შენს ემოციას“, – აღნიშნა „ოდელლას“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ბრენდი „ოდელლა“ ქართულ ბაზარზე 2020 წლის 19 დეკემბერს გამოჩნდა და უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია „ოდელლას“ ნაკრების საშუალებით გაზიარებული ემოცია.

რაც შეეხება ბრენდის სახელს, როგორც ნიკი გობეჯიშვილი ამბობს,  სახელწოდება „ოდელლა“ ინსპირირებული იყო ო’ჰენრის მოთხრობით – „მოგვთა საჩუქრები“.

„ძალიან ემოციური მოთხრობაა, რომელშიც დელა და ჯიმი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, შობისთვის ემზადება და ერთმანეთისთვის საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ორივე იღებს ისეთ საჩუქარს, რომელიც იმ მომენტისთვის აღარ სჭირდებათ და აღარ გამოადგებათ, მთავარი ის ემოციაა, რითიც თითოეული მათგანი ემზადება საყვარელი ადამიანის საჩუქრის მოსამზადებლად, როგორი მნიშვნელოვანია მათთვის საყვარელი ადამიანის სიხარული“, -გვიყვება „ოდელლას“ დამფუძნებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები