როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.
სოსო, როგორ იქმნება წარმატებული პროდუქტი?
გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სისწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა?
მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, წიგნის „როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს“ წაკითხვა პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს წიგნი ადამიანებს ეხმარება შექმნან ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო იქნება.
რა არის ღირებული შეთავაზების ტილო?
ღირებული შეთავაზების ტილოს ორი მხარე აქვს: მომხმარებლის პროფილით უჩვენებთ, რა წარმოდგენა გაქვთ მომხმარებელზე, ღირებულებათა რუკით ხსნით, როგორ აპირებთ ამ მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას. ორივე მხარეს შორის თანხვედრას მაშინ აღწევთ, როდესაც ისინი ერთმანეთის შესაბამისია.
მომხმარებლის პროფილი 3 ნაწილისგან შედგება:
მომხმარებლის ამოცანა გვიჩვენებს, რისი მიღწევისკენ ისწრაფვის მომხმარებელი მისივე თქმით, სამსახურსა და ცხოვრებაში.
სატკივარი აღნიშნავს მომხმარებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგებს რისკებსა და დაბრკოლებებს.
სარგებელი ხსნის მომხმარებლისთვის სასურველ შედეგებს ან იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელსაც ის ელოდება.
ღირებულებათა რუკა 3 ნაწილისგან შედგება:
ყველა იმ პროდუქტისა და მომსახურების ნუსხაა, რომელზეც თქვენი ღირებული შეთავაზებაა აგებული.
სარგებლის წყარო აღწერს, თუ როგორ ქმნის თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებლისთვის სარგებელს.
ტკივილგამაყუჩებლები აღწერს, თუ როგორ უამებს თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებელს სატკივარს.