როგორ უნდა დაუკავშირდნენ თბილისის მაცხოვრებლები იურიდიული კონსულტაციისთვის ორგანიზაციას „ჩემი ადვოკატი“ – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის ა(ა)იპ-ის „ჩემი ადვოკატი“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ ისაუბრა.
რას საქმიანობას ეწევა თქვენი ა(ა)იპ-ი „ჩემი ადვოკატი“?
თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ – თბილისის მოსახლეობას, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, სრულიად უსასყიდლოდ, იურიდიულ დახმარებას უწევს. ორგანიზაცია ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში და როგორც სასამართლო ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სრულიად უსასყიდლოდ წარმომადგენლობას ახორციელებს.

რა არის ორგანიზაციის მიზანი?
ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დამწყები იურისტებისთვის, პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება. ორგანიზაცია ყოველწლიურად 20 000ზე მეტ მოქალაქეს იურიდიული საკითხების გადაჭრაში ეხმარება.

როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მოქალაქეები?
„ჩემი ადვოკატი“ ბენეფიციარებს თბილისის ათივე რაიონში უწევს მომსახურებას და მოქალაქეებს საკუთარ უბანში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეუძლიათ უფასო იურიდიული დახმარების მიღება. ასევე ბენეფიციარების მიღება თბილისის მერიაში არსებულ, „ჩემი ადვოკატის“ სივრცეშიც ხორციელდება.
ორგანიზაციას ასევე აქვს ცხელი ხაზი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, მოქალაქეებს შეუძლიათ ზეპირი კონსულტაციის მიღება. (ტელ: (032 2) 72 22 22 ).
„ჩემი ადვოკატის“ საგანმანათლებლო მიმართულება – ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებელთან, რომლის სტუდენტები იურიდიულ კლინიკაში პრაქტიკულ, საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, ტრენერ-ადვოკატების დახმარებით თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ, ერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, ადგენენ დოკუმენტებს და ახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას.