როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არჩეული პროფესია აღარ მოგწონთ – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანი?
პროფესიული არჩევანის გაკეთება ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად რეალიზებული, კმაყოფილი და ბედნიერი იქნები. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს მუშაობაში ატარებენ, სამუშაოს წარმატებით ინტეგრირება ცხოვრებაში ზოგადად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ შენარჩუნებულ იქნას საზოგადოების ჰარმონიული ურთიერთობა და საკუთარი სულიერი სიმშვიდე.
მატერიალურ ანაზღაურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმგვარ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, როგორიცაა მაგ., საკუთარი თავის კომპეტენტურად აღქმისა და საკუთარი მნიშვნელობის განსაზღვრა და ა.შ.
ბავშვობისას ალბათ ბევრ ჩვენგანს უოცნებია მომავალ პროფესიაზე და შემდეგ შესაბამისი არჩევანიც გაუკეთებია. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევანი ახლა უკვე აღარ მაკმაყოფილებს? თუ გამიჩნდა განცდა იმისა, რომ ჩემი გაკეთებული საქმე სისავსისა და კმაყოფილების შეგრძნებას აღარ მაძლევს? იქნებ პროფესიის შეცვლა შევძლო?
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი იწყებს განვლილი ცხოვრების გადაფასებას, შესაძლებელია ამ კითხვების გაჩენა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანი მის მიერ არჩეული სფეროში საკუთარ თავს რეალიზებულად არ მიიჩნევს.
კარიერის დაგეგმვა, ერთის მხრივ, ჩვენი ინტერესების, უნარ-ჩვევების, პიროვნული თვისებებისა და სამუშაოს მახასიათებლების უნარიანი შეზავების საკითხია, თუმცა მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების გათვალისწინებაც.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხოვრებაში არაპროგნოზირებადი გაცილებით მეტია, ვიდრე პროგნოზირებადი და ის მოცემულობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ამას ადასტურებს. სულ ცოტა ხნის წინ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება გლობალური პანდემიის პირობებში მოგვიწევდა.
აქედან გამომდინარე, კარიერული განვითარებაც დინამიური პროცესია და არა სტატიკური.
რისი გაკეთება შეიძლება არასტაბილურ გარემოში, ანუ მაშინ, როდესაც არაფერია გარანტირებული?
რა გვჭირდება საიმისოდ, რომ აქტიური მოქმედება დავიწყოთ?
აქტიურ მოქმედებათა დასაწყებად საჭიროა:
პასუხისმგებლობა – მნიშვნელოვანია საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი. ნაცვლად საკუთარ კართან შესაძლებლობების ლოდინისა, შესაძლებლობებთან უნდა მიხვიდე თავად.
ცნობისმოყვარეობა – სიახლეებისადმი სწრაფვა, რომელიც პირველი ნაბიჯია ახალი კარიერული შესაძლებლობებისაკენ.
გარემოზე დაკვირვება – დასაქმების სფერო მუდმივად იცვლება, ახალი ტრენდები და გამოწვევები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მასზე. აქედან გამომდინარე, გააზრებულ გადაწყვეტილებათა მისაღებად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების ცოდნა. ამის სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, რაც ეკონომიკის განვითარების გაშმაგებულ ტემპს განაპირობებს. სამუშაოთა გარკვეულ ნაწილს უკვე ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ასევე მოსალოდნელია სრულიად ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, ხოლო მომავალში გადარჩენილ სამუშაო ადგილებისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდება უნარ-ჩვევების განახლება.
პატარა ნაბიჯების გადადგმა – თუ მოახდენ ენერგიის კონცენტრაციას პატარა საკითხებზე, რომლებიც შეიძლება გააკეთო აქ და ახლა, ეს აუცილებლად მოგცემს შედეგს მომავალში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარიერული განვითარებისათვის ახლა მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლება და განვითარება. კარიერას ცხოვრებაში ერთხელ კი არ „ვირჩევთ“, არამედ „ვაწყობთ“ ცხოვრების მანძილზე სწავლის, გამოცდილებისა და შერჩეული სამუშაოს კომბინაციით.
ზრდასრულ ასაკში პროფესიის შესაცვლელად რა შეიძლება იქცეს მთავარ გამოწვევად და რისი გაკეთება შეიძლება?
სწრაფად ცვალებად გარემოში მთავარი გამოწვევა პასუხისმგებლობის აღება და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაა, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი ხდება კარიერული მართვის კომპეტენციათა განვითარება, რაც გულისხმობს:
თვითშემეცნების განვითარებას, რომელიც მოიცავს
• პოზიტიური თვითაღქმასა და თვითშეფასებაზე მუშაობას
• ცხოვრების მანძილზე ცვლილებასა და ზრდას.
შესაძლებლობების მოძიებას, რომელიც მოიცავს
• ცხოვრებისეულ და სამუშაო მიზნებზე მოსარგებად სწავლის უწყვეტ პროცესში ჩართვას;
• ინფორმაციის მოძიებასა და ეფექტურად გამოიყენებას;
• სამუშაოსა და ეკონომიკას შორის კავშირის გაცნობიერებას.
მოქმედებას, რომელიც მოიცავს
• გადაწყვეტილებების მიღებასა და სათანადო მოქმედებას.