ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი წონის კლებისა და მატების შესახებ საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს საზოგადოებას. მისი თქმით, სასურველი შედეგის მიღწევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა რეგულარულობას ენიჭება და არა დროებით დიეტებს.
როგორც ექიმი განმარტავს, თუ ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი რაიმე ქრონიკული ან სხვა დაავადებით არის გამოწვეული, თვითმკურნალობის ნაცვლად აუცილებელია პირად ექიმთან კონსულტაციის გავლა.
მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაციით, დღის განმავლობაში კვება ოთხჯერ უნდა გადანაწილდეს. პირველი კვება შეიძლება იყოს ის საკვები, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს კვების რეჟიმის დაცვას.
„თითოეულ კვებას შორის ინტერვალი 3–4 საათი უნდა იყოს. ამ პერიოდში, დასაშვებია მხოლოდ წყლის, უშაქრო ჩაის ან უშაქრო ყავის მიღება”, – აღნიშნავს ექიმი.
მეორე კვება, ექიმის თქმით, ხილისგან უნდა შედგებოდეს, სასურველია სეზონური ხილისგან. მას შეიძლება დაემატოს ხაჭო, მაწონი ან უშაქრო იოგურტი.
მესამე კვებად მანანა მგალობლიშვილი სრულფასოვან სადილს ასახელებს. მისი რეკომენდაციით, თეფშის ნახევარი ბოსტნეულს უნდა ეკავოს, ერთი მეოთხედი – ცილოვან პროდუქტს, როგორიცაა ხორცი, თევზი ან, ვეგეტარიანული კვების შემთხვევაში, პარკოსნები, ხოლო დარჩენილი მეოთხედი – ნახშირწყლებს.
მეოთხე კვებად ექიმი ერთ ჭიქა მაწონს ან უშაქრო იოგურტს ასახელებს.
„რაც შეეხება წყალს -ორგანიზმმა დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს. წყლის დღიური რაოდენობა შეიძლება გამოითვალოს სხეულის წონის მიხედვით – თითოეულ კილოგრამზე დაახლოებით 35 მილილიტრი წყლის პრინციპით”.
რაც შეეხება წონის დეფიციტს, ექიმის თქმით, ამავე კვების რეჟიმის დაცვა შესაძლებელია, თუმცა თითოეულ კვებას უნდა დაემატოს ჩირი, რაც, მისი განმარტებით, რაციონში კალორიების რაოდენობის გაზრდას და წონის მატებას უწყობს ხელს.
@doctormanana #წონისკორექცია #ჯამსაღიკვება #სწორიკვებისფორმულა #მანანამგალობლიშვილი ♬ original sound – Manana
