LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ვისარგებლოთ ელექტროენერგიით უფასოდ?

1343

თუ თქვენ გინდათ, რომ ელექტროენერგიით უფასოდ ისარგებლოთ და მისი გაყიდვით შემოსავალიც მიიღოთ, ეს უკვე შესაძლებელია.

ამისთვის თქვენ:

  • უნდა შეიძინოთ და დაამონტაჟოთ, ნებისმიერი სახის – წყლის, ქარის ან მზის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური;
  • მიმართოთ ქსელში ჩართვისთვის იმ გამანაწილებელ კომპანიას, რომლისგანაც თქვენ ელექტროენერგიას იღებთ: თელასს, ენერგო პრო ჯორჯიას და კახეთის ენერგოდისტრიბუაციას.
  • დააყენოთ რევერსული მრიცხველი მიღებული და გაცემული ელექტროენერგიის აღრიცხვისთვის.
  • და დაელოდოთ საბოლოო ანგარიშსწორებას – იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის ანუ თქვენს მიერ გაცემული ენერგია მეტია, ვიდრე მოიხმარეთ, გამანაწილებელი კომპანია ამ ელექტროენერგიის საფასურს გადაგიხდით.

მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი, კომპანიის მიერ სამომხმარებლო ტარიფში არსებული ელექტროენერგიის მარჟის ტოლია.

ანუ, თქვენ შეგეძლებათ ელექტროენერგია იმ ფასად გაყიდოთ, რა ფასადაც ელექტროენერგიას კონკრეტული გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს.

რა სიმძლავრის  მიკროელექტროსადგურის დაყენება დაგჭირდებათ და რა თანხებთანაა ეს დაკავშირებული, ამის შესახებ ”ფორტუნა” საინჟინრო ფიზიკის დარგში დოქტორს, ”მზის სახლის” დირექტორს კოტე კობახიძეს ესაუბრა.

კობახიძის განცხადებით, 1 კილოვატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მთლიანი კომპლექტის შეძენა-დამონტაჟება საშუალოდ 1500-2000 დოლარამდე ჯდება.

”საშუალოდ ოჯახს მაქსიმუმ 3-კილოვატიანი სისტემა სჭირდება. რაც 5000 დოლარამდე ჯდება. თუმცა, დამოკიდებულია ოჯახზე. ამის დაყენების შემდეგ, ფაქტობრივად ელექტროენერგიის გადასახადი აღარ მოსდით. სისტემა 25-წლიდან 40 წლამდე მუშაობს”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ამ ენერგიის გაყიდვასა და ქსელში გაშვებას, მისი თქმით, ეს სფერო ჯერ-ჯერობით მომგებიანი არ არის და ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდება, რადგან სწორედ ამ ენერგიის ფასი დაბალია.

კობახიძის თქმით, თუ ტარიფი გაიზრდება, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ  მზის ენერგიის გამომუშავების კუთხით, ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე მეტად განვითარდეს.

”სფერო, როგორც ბიზნესი რომ განვითარდეს, საჭიროა ტარიფი გაიზარდოს. უცხოეთში სწორედ ასეთი პრაქტიკაა, მსგავსი ენერგიის ფასი მაღალია და შესაბამისად, დასავლეთში ეს ბიზნესი განვითარებულია”, – განაცხადა კობახიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური რამდენიმე კომპანიას აქვს დაყენებული. კერძო პირებზე, რომლებიც საკუთარ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ სემეკს ინფორმაცია არ აქვს, რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

აღნიშნულის შესახებ მონაცემებს სემეკი 2017 წლიდან გაავრცელებს, მას შემდეგ რაც გამანაწილებელი კომპანიები წლიურ ანგარიშს გაავრცელებენ.

სემეკიდან ”ფორტუნას” აცნობეს, რომ მოკლე ვადაში ამ პროექტით ძალიან ბევრი დაინტერესდა, მათ შორისაა ილიას უნივერსიტეტი, რომელიც მზის პანელების დამონტაჟებით, სავარაუდოდ 20-25 ათას ლარამდე თანხას დაზოგავს.

”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 35 კილოვატის სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურებს აყენებს. ეს მათ 20-25 ათას ლარამდე ეკონომიას მისცემს თვეში”, – განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დაყენება რიგითი მომხმარებლებისთვისაც მომგებიანია.

”ენერგიის გენერატორები (ქარის, მზის ან წყლის) მომგებიანია რამდენიმე კუთხით: ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ყიდვაზე დამოკიდებული აღარ ხარ და საკუთარი გენერაციის წყარო გაქვს, პირიქით, მისი გაყიდვის საშუალებაც გეძლევა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაზე ეკოლოგიური ელექტროენერგიაა. ქსელისთვისაც კარგია, რადგან ეს საშუალებას იძლევა დატვირთვები მოიხსნას. ეს ყოველმხრივ სასარგებლოა, როგორც მომხმარებლისთვის ასევე ქსელისთვის”, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი ტექნოლოგია საქართველოში არ იწარმოება, თუმცა დისტრიბუტორი კომპანიები მრავლდაა. ისინი როგორც გენერატორების რეალიზაციას, ასევე მის დამონტაჟებას უზრუნველყოფენ.

მომხმარებლების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვაზე საუბარი, ორი თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ”ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში” ცვლილებები შევიდა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, ეს კანონი იმის საფუძველია, რომ საქართველოში აღნიშნული სისტემების წარმოება დაიწყოს და გენერატორები ქართველი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

”ეს კანონი იმის საფუძველია, რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი პროდუქციის წარმოება დაიწყოს. რაც ჯერ არ არსებობს.ამის შემდეგ, გენერატორები ქართველი მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება”, -განაცხადა ხმალაძემ.

ამჯამად მსოფლიოში უფრო მეტად იყენებენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს ბიზნესად იქცა. მაგალითისთვის, დანიაში იმაზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებენ, რამდენსაც ქვეყანა მოიხმარს. გერმანია კი ამ გზით მოხმარებული ელექტროენერგიის 87%-ს ფარავს.

განახლებადი ენერგიის წყაროების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, უკვე საქართველოსაც მოეთხოვება, რომ განახლებადი ენერგია აითვისოს და გამოიყენოს.

პოპულალურები