LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ზრდის ანდრია გველესიანი თავის ვაჟს: „სანი 2 თვის იყო, როდესაც პირველად ოჯახში ფული შემოიტანა…“

1230
ანდრია გველესიანი

ანდრია გველესიანის ცხოვრებაში ახლა საინტერესო ეტაპია, როდესაც ის ენერგია დაუბრუნდა, რაც 16-17 წლის ასაკში ჰქონდა. მიიჩნევს, რომ ემოციურობა მისი, როგორც მსახიობის ძლიერი მხარეა და სცენაზე ყველაზე მეტად სწორედ ემოციურობა ეხმარება…

აქტიურად არის ჩართული თავისი ვაჟის გაზრდაში და სურს, რომ ის დამოუკიდებელ პიროვნებად გაზარდოს…

ანდრია გველესიანი: 

სანი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად გვაგიჟებს. იზრდება ძალიან მალე და ახალ-ახალ ინფორმაციას გვაწვდის, ასე ვთქვათ. ძალიან საყვარელი კაცია, იმის მიუხედავად, რომ ხულიგანია. კომუნიკაბელური და კაი ტიპია (იღიმის).

ოჯახურ სარეკლამო კამპანიებშიც ჩართული გყავთ…

სხვათა შორის, ორი თვის იყო, როდესაც პირველად ოჯახში ფული შემოიტანა ერთ-ერთი რეკლამიდან. მას მერე აგრძელებს და დგას მოწოდების სიმაღლეზე. ახლახან ბაღში დაიწყო სიარული. ახლა ორი წლის და 4 თვისაა. ყოველდღიურად გვახარებს…

ალბათ, რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტად ფიქრობ, როგორი გინდა, რომ იყოს?

მინდა, რომ იყოს ის, ვინც თავად უნდა იყოს. მე და მაიკოს რაც გვაქვს კარგი თვისებები, გვინდა, ყველაფერი გავუზიაროთ და 100 პროცენტით მივცეთ ის, რისი მიცემაც შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კარგი ადამიანი იქნება…

აქვს თუ არა სამსახიობო მონაცემები?

კი, ნამდვილად აქვს, ძალიან გამოკვეთილად, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტად ხალხთან კომუნიკაციის უნარი აქვს გამოკვეთილი. არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი, რა პროფესიის მინდა ჩემი შვილი რომ გახდეს. თავად რაც უნდა, ის უნდა აკეთოს. თავადაც ასე გავიზარდე. არასდროს ჩემთვის არავის კონკრეტული გეგმებია რ დაუსახავს ცხოვრებაში. მინდა, სანიც დამოუკიდებელი ბიჭი იყოს. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ჩავერევით მშობლები მის ცხოვრებაში და საქმიანობაში, ვურჩევ, თუ რამეს მკითხავს. იმდენად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომ ყველაზე მეტად მეზიზღება, როდესაც ადამიანს თავისუფლებას უზღუდავენ. ბოლომდე გადავყვები თავზე, რაც უნდა აირჩიოს. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

ვიცი, რომ ხარ არაჩვეულებრივი მამა, დარბიხარ თეატრებში და გყავს ბენდი. ორი მსახიობი ერთ ოჯახში როგორია?

მაიკოს თავადაც ძალიან ბევრი საქმე აქვს. არის ახმეტელის თეატრში. იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი ამბავი ელოდება. ორი მსახიობი ერთ ოჯახში პირიქით, ადვილია. ჩემი გაგება სხვა პროფესიის ადამიანს გაუჭირდებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემივე პროფესიის ადამიანი მყავს გვერდით. არ არის ადვილი, ხედავდე, შენი მეორე ნახევარი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სცენაზე ატარებს.

რთული პერიოდები გქონიათ ოჯახურ ურთიერთობაში?

როგორ არ გვქონია, ასეთი პერიოდები ყველას აქვს. რთული პერიოდები საჭიროა, ამის გარეშე წინსვლა არ არსებობს. სხვანაირად ყველაფერი რუტინა ხდება. შეყვარებულობაში თუ მეგობრობაში რთული პერიოდები აუცილებელია.

ჩიკაგოში“ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობ. როგორია ამ სპექტაკლში მონაწილეობა?

არ მომერიდება და ვეტყვი, რომ ძალიან ძალიან მაგარი გუნდის წევრი და სპექტაკლის მონაწილე ვარ. დიდი მადლობა „თეატრს“ და ზალიკო ჩიქობავას, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სპექტაკლის შექმნაში. სასწაული დასია…

სადღაც 10 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია შენი თავი, კარიერულ და პირად ამბებში?

რაც წლები მემატება, სულ მგონია, რომ უფრო მეტად ვუბრუნდები ბავშვურ სილაღეს. ამაზე მეგობრებიც მეხუმრებიან, რაღაც ვერ იზრდებიო. ახლა ამ პერიოდში თავს ვგრძნობ თინეიჯერულად. იგივე გრძნობები და შემართება დამიბრუნდა. იმაზე მეტი ენერგია მაქვს, რაც თინეიჯერობაში მქონდა, როცა სპორტსმენი ვიყავი. სადმე დავაკაკუნებ (იცინის). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ბავშვური ენერგია შევინარჩუნოთ. მინდა, 10 წლის შემდეგაც ასე ვიყო. გულწრფელი ემოციები ძალიან მეხმარება სცენაზე. ცხოვრებაში ჩემი ემოციურობის გამო ბევრ პრობლემას ვაწყდები, მაგრამ ჩემს თავს ხელოვანად მივიჩნევ და ემოციები მეხმარება. ზოგჯერ ცხოვრებისეული დეპრესიებიც მაქვს ხოლმე, მაგრამ ახლა სცენაზე კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ყველანაირი ემოციის გამოვლენის შესაძლებლობა მეძლევა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები