დათვმა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ერთ-ერთი ზოოპარკის კონდიციონერზე იპოვეს, ახლა უკვე საკუთარ ვოლიერში დაიდო ბინა. თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები არიან. ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ ღია ვოლიერში 4 მგელი და 3 დათვი ერთად ბინადრობს.
„დათვების და მგლების ვოლიერი ერთად არის. მშვენივრად იყოფენ ტერიტორიას, უკვე შეარჩიეს თავიანთი საყვარელი ადგილები – მგლებმა ბუჩქები, დათვებმა უფრო ღია ადგილები. საკმაოდ კარგად მიდის ყველაფერი“ – ამბობს ზოოპარკის დირექტორი.
რა ცხოველები იქნებიან ახალ ზოოპარკში
ახალი ზოოპარკის ბინადრები ზაფხულიდან ირმები და ნიამორებიც იქნებიან, მოგვიანებით თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება.
„აქ იქნებიან კავკასიური ირმები და ნიამორი, ორივე სახეობა დღეისათვის გადაშენების საფრთხის ქვეშაა. ამჟამად გვყავს 4 ირემი და 4 ნიამორი, თუმცა საბოლოოდ, მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. საერთო ჯამში საკმაოდ დიდი ნუსხა გვაქვს ცხოველების, რომლებიც ახალ ზოოპარკში უნდა ჩამოვიყვანოთ“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე ჩვენთან საუბარში.
ახალი გარემო ცხოველებისთვის კომფორტული იქნება
ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰა ფართობია გამოყოფილი. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ღია, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული ვოლიერი განთავსდება ზოოპარკში, თუმცა მთავარია, რომ ფართო და ცხოველებისთვის კომფორტული იქნება. თითოეულ ვოლიერს თავისი ტევადობა აქვს და ცხოველთა რაოდენობა ამ ტევადობას არ გადააჭარბებს.
„ცხოველებს ახალ გარემოსთან შეგუება არ გაუჭირდებათ, პირიქით… ადამიანი ცუდი ბინიდან კარგ ბინაში რომ გადაიყვანონ, ხომ უკეთესად იგრძნობს თავს?! ასე არიან ცხოველებიც“, – განმარტავს ზოოპარკის დირექტორი.
იქნება თუ არა ატრაქციონები თბილისის ზოოპარკში
ახალი ზოოპარკი ცხოველების მოყვარულ პატარებს და მათთან ერთად მისულ უფროსებს სხვა გასართობ ზონასაც შესთავაზებს – ეს ატრაქციონების ზონა იქნება, რომელიც დღევანდელისგან განსხვავებით, ვოლიერებისგან მოშორებით განთავსდება.
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტორი – ახალ ზოოპარკში არ იქნება კარუსელები. ზოოპარკის ადმინისტრაცია ერთ სპეციფიკურ ფაქტორს გაითვალისწინებს – ცხოველებზე ძალიან მოქმედებს ატრაქციონებისა და დამთვალიერებლის ხმაური, ამიტომ ახალ ზოოპარკში ხმაურიანი ატრაქციონები არ იქნება.
თუმცა პატარებისთვის მოეწყობა შემეცნებითი ხასიათის ატრაქციონი, რომელიც დამთვალიერებელს, კონკრეტული ცხოველის სახეობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის.
„ატრაქციონები ზოოპარკს თავის საგანმანათლებლო და შემეცნებით ფუნქციას უკარგავს, რადგან ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ატრაქციონები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ცხოველები. ზოოპარკი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა ცხოველები გაიცნონ, დააფასონ და შეიყვარონ“ – განმარტავს ზურაბ გურიელიძე.
რომელ ევროპულ ზოოპარკს გაუთანაბრდება ახალი ზოოპარკი
დავინტერესდით, რამდენად ექნება თბილისის ახალ ზოოპარკს ამბიცია, გაუთანაბრდეს ევროპულ ცნობილ ზოოპარკებს თავისი სტანდარტებით, რაზეც საკმაოდ არამბიციური, თუმცა დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ:
„ყველაზე ზოოპარკს აქვს თავისი სახე და ჩვენს ზოოპარკსაც ექნება განსხვავებული და განსაკუთრებული სახე“ – აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.
ძალიან მიხარია, რომ ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იქნება
„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ მშობლები თბილისის ახალ ზოოპარკთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა მშობლების ნაწილს ძალიან მოსწონს ახალი ზოოპარკის ადგილმდებარეობა და ცხოველების ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება.
„ძალიან მიხარია, რომ ბოლოსდაბოლოს, ზოოპარკი იქნება ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, სიმწვანეში, სიმშვიდეში. იმედი მაქვს, საქალაქო ტრანსპორტიც ივლის, რომ ყველამ შეძლოს მონახულება. აუცილებლად ვივლი ბავშვთან ერთად. ძალიან მინდა, ჩვენც გვქონდეს ევროპის დონის ზოოპარკი, სადაც ცხოველებს დიდი ფართი ექნებათ ვოლიერებში“, – ამბობს მშობელი.
თუმცა არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც ზოგადად ზოოპარკის არსებობას ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი მშობელის თქმით, გაუმართლებელია ბავშვებმა ერთ სივრცეში გამოკეტილ ცხოველებს უყურონ.
„ზოოპარკის იდეა არ იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. იქნება ის შორს თუ ახლოს ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ ბავშვებმა უნდა უყურონ გამოკეტილ ცხოველებს და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ეს მაგარია, იმთავითვე მოუღებელია. არასოდეს დავდიოდი ცირკსა და ზოოპარკში და არც ბავშვი დამყავს. ჩაკეტილი ცხოველი კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ უფრო მიუღებელი ამის გამართლება იმით, რომ ეს ბავშვების შემეცნებას ემსახურება“, – განმარტავს „ფორტუნასთან“ მშობელი.
როდის ექნება თბილისის ახალ ზოოპარკს საბოლოო სახე
ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს 2 წელიწადში უკვე სრულყოფილად უმასპინძლებს, თუმცა საბოლოო სახეს დაახლოებით 4-5 წელიწადში მიიღებს.
გვანცა ბზიავა
ავტორის ფოტოები