LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება NATO-ს წვლილი სანაპირო დაცვის გაძლიერებაში და იგეგმება თუ არა ფლოტის აღდგენა

sanapirodacva

სანაპირო დაცვის კატარღები, რომლებიც შავი ზღვის საქართველოს წყლებში უსაფრთხოებას იცავენ,  ჩვენი ქვეყნის ზღვისპირა ქალაქების სახელებს ატარებენ. „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ კი, იმ ხომალდების სახელებია, რომლებიც ცოტა ხნის წინ აშშ-მ საქართველოს საჩუქრად გადასცა. „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ „აილენდის“ კლასის ხომალდებია, რომლებიც ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ხომალდები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას,“– ეს საქართველოში აშშ-ის ელჩის ელიზაბედ რუდის სიტყვებია, რომელიც ხომალდების გადმოცემის ცერემონიალზე თქვა. თუმცა, საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას საქართველო არა მხოლოდ აშშ-სგან ელოდება. „ნატო საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურისა და საზღვაო ძალების განვითარებაში დაეხმარება,“ – ეს სიტყვები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ეკუთვნის. დაპირება საქართველომ ცოტა ხნის წინ ბიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღო. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი იქნება NATO-ს ძალისხმევა ამ მიმართულებით, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვაო ფლოტი საქართველოს არ ჰყავს.

საზღვაო ძალების აღდგენისთვის მზაობა საქართველოს რომ არ აქვს, ამაზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განცხადება ჯერ კიდევ 2 წლის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საზღვაო ფლოტის შექმნა საზოგადოების მოტყუება იქნება. ამ ხნის მანძილზე რომ არაფერი შეცვლილა, „ფორტუნას“ პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  უდასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე, რადგან საზღვაო ფლოტის აღდგენა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს უფრო შორი პერსპექტივაა.

„თუმცა, ეს არის ის კარგი სასტარტო შესაძლებლობა, რომელიც საერთო ჯამში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი დაცვის საშუალებები და მომავალში ვიფიქროთ ჩვენი აკვატორიის არა მხოლოდ დაცვაზე, არამედ მისი როგორც თავდაცვის კომპონენტის გამოყენებაზე. ამ მიმართულებით ნატოსთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ტექნიკურ ნაწილში ჩართულობას და მხარდაჭერას,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. უმრავლესობის დეპუტატი აქვე ამ მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის წვლილსაც აღნიშნავს და ამბობს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

როგორი იქნება ნატოს მხარდაჭერა და ტექნიკური ჩართულობა, ამაზე ირაკლი სესიაშვილი არ საუბრობს.

„ამ ეტაპზე ცხადია, თავს ვიკავებთ კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რა სახით მოხდება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა,“ – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს ქართულ პორტებთან ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების განთავსებაზე.

„თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები უზრუნველყოფენ დაახლოებით რამდენიმე ათეული კილომეტრიდან, 100 და 200 კილომეტრ სიშორეზეც კი, მოწინააღმდეგის დაზიანებას. თუ საქართველო შექმნის ასეთი მობილური დანადგარების დანაყოფს, მათ შეეძლებათ უცხო ქვეყნის საზღვაო ძალებს დამუქრების შემთხვევაში, სათანადო პასუხი გასცენ – თუ ვერ ჩაძირავენ, მიაყენებენ ისეთ სერიოზულ დაზიანებას, რომ მათ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ,“ – აღნიშნავს ალადაშვილი „ფორტუნასთან“.

ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონში ყველაზე ძლიერი რუსეთის შავი ზღვის ფლოტია და სამწუხარო რეალობაა, რომ მას სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევ, ამიტომ ბევრად უპრიანია ხომალდასწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების გამოყენება.

NATO-ს გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, თუმცა, ნებისმიერი მიმართულებით, ქვეყნის შესაძლებლობების, მათ შორის, სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.

„ეს არის სუვერენული სახელმწიფოს უფლება და ვალდებულება, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი აკვატორიის უსაფრთხოება და ბუნებრივია, რაიმე პრეტენზია თუნდაც, რუსეთის მხრიდან არაადეკვატური იქნება. ეს კარგად იცის რუსეთმა, ნებისმიერი პრეტენზია პოლიტიკური სპეკულაცია იქნება,“ – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვის სიძლიერე, რომელიც აგრესორის შეჩერებას, დესანტირებისა და საქართველოს ქალაქებზე შეტევის აღკვეთას შეძლებს, მნიშვნელოვანია და ეს 2008 წლის აგვისტომაც კარგად აჩვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g