ბავშვის ოთახი ის ადგილია, სადაც ჩვილი დაბადებიდან ყველაზე მეტ დროს ატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოთახში შევინარჩუნოთ გარკვეული მიკროკლიმატი, ტემპერატურა და ტენიანობა. ამასთან, საბავშო ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს და სველი წესით ყოველ დღე უნდა დავალაგოთ.
სასურველია, ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს, ტემპერატურა 18-20 გრადუსი იყოს. თუ ჰაერი საჭიროზე თბილია, შესაძლოა, ბავშვის ორგანიზმი გადახურდეს, რაც, თავის მხრივ, სითხის დაკარგვას შეუწყობს ხელს და გაუწყლოვნება დაემართოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზმში სითხის შემცველობა მცირედით არის მოკლებული, ირღვევა ორგანიზმის მუშაობა. თუ ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ სამშობიაროში გადახურდა, შედეგებს მაშინვე შეამჩნევთ კანზე – ახალშობილს კანი ექნება მუქი წითელი, საფენის ზონაში ექნება გამონაყარი. სითხის ნაკლებობის გამო ნაწლავების მუშაობა გართულდება, რაც მუცლის ტკივილს გამოიწვევს, პირში გაჩნდეს თეთრი ლაქები (ე.წ. „რძიანა“) და ა.შ, ამიტომ ჰაერის ტემპერატურის დარეგულირება ოთახში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ბუნებრივი გზით არ ხერხდება, შეგიძლიათ ჩართოთ კონდიციონერიც, თუმცა ამ შემთხვევაში იქნება, თუ კონდიციონერს მეზობელ ოთახში დაამონტაჟებთ და სიგრილე ბავშვის ოთახში ღია კარის საშუალებით შევა. ამასთან, ნუ ჩააცვამთ ბავშვს ზედმეტად თბილად.
გარდა ნორმალური ტემპერატურისა, ასეთივე მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას. ბავშვის ოთახში ტენიანობა უნდა იყოს 60-65 პროცენტი, 50%-ის ქვემოთ კი აუცილებელია, სპეციალური დამატენიანებლის გამოყენება.
მშრალი ჰაერი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი ჩილებისთვის ძალიან მავნებელია, ართულებს სუნთქვას, არღვევს მშვიდ ძილს. თუ ოთახს ხშირად გაანიავებთ, ტემპერატურასა და ტენიანობას კი შეინარჩუნებთ, ბავშვის მშვიდი ძილი და კარგი განწყობა გარანტირებული გექნებათ.