ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა ახალი ორადგილიანი ელექტრო კაბრიოლეტი წარადგინა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის „Nightingale“ ფარგლებში, მხოლოდ 100 ერთეული ავტომობილის წარმოება იგეგმება. მათი სიგრძე 5.76 მეტრი იქნება და ისინი ხელით აიგება Rolls-Royce-ის სათაო ოფისში, რომელიც დასავლეთ სასექსში, გუდვუდში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილს ექნება გრძელი კაპოტი, რაც მას „ტორპედოსებრ ფორმას“ შესძენს. შთაგონების წყაროს წარმოადგენს კომპანიის 1920-იანი წლების ექსპერიმენტული ავტომობილები (ცნობილი, როგორც EX მოდელები) და Art Deco-ს ეპოქა.

ავტომობილების მიწოდება 2028 წლიდან დაიწყება.
Rolls-Royce-ი ახალი ავტომობილის ფასს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა „Nightingale“-ის ღირებულება, სავარაუდოდ, 500 000 გირვანქა სტერლინგს გადააჭარბებს.

ცნობისთვის, გასულ თვეში Rolls-Royce-მა უარი თქვა საკუთარ დაპირებაზე, რომ 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდდა – კომპანია 2030 წლის შემდეგაც გააგრძელებს ბენზინის ძრავიანი მოდელების შეთავაზებას.

