კორპორაციამ „Stellantis“ აშშ-ში ახალ მინი ელექტრომობილზე – Fiat Topolino-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო. მისი საწყისი ფასი 13 995 დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ Topolino ვიზუალურად Fiat 500-ს ჰგავს, ის რეალურად კვადროციკლია და ფუნქციურად უფრო გოლფის მანქანას (Golf Cart) მოგვაგონებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 19 მილი/საათშია (დაახლოებით, 30 კმ/სთ) და ერთი დამუხტვით 46 მილს გადის. თუმცა სპეციალური უფასო კომპლექტით სიჩქარის გაზრდა 25 მილ/საათამდეცაა შესაძლებელი, რაც მას გზებზე ლეგალურად გადაადგილების უფლებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ Topolino მაროკოში იწარმოება და ის წელს ამერიკაში შეზღუდული რაოდენობით ჩავა. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ორ ვერსიას შორის მოუწევს: სტანდარტული მყარი სახურავითა და კარებით, ან კაბრიოლეტი „Dolce Vita“ – კარების ნაცვლად დამცავი თოკებით.

