„ვივა მედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმად, „ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივა მედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად“.
ნინო ნადირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში ბრალდებას უარყოფს და ხაჭაპურიძეს წიგნების წაკითხვას, ასევე შრომითი ხელშეკრულების უკეთ გაცნობას ურჩევს.
„არსებობს შრომითი ხელშეკრულება, დანიშვნის ბრძანება, ხელფასს ვიღებ 5 წელია.. მანამდე, როდესაც „ლანცეტი“ იყო, ვიყავი კლინიკური მენეჯერი, შემდეგ მთავარი ექიმი, ამის შემდეგ კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი და ეს ყველაფერი კადრების განყოფილებაშია.
საჯარო რეესტრის ამონაწერში საერთოდ არ არის საჭირო ჩემი ყოფნა. არ ვარ, რათა არ მქონოდა შემხებლობა არანაირ ქონებრივ საკითხთან. საჯარო რეესტრში არც ერთი ჩემი თანამშრომელი არ ფიქსირდება, ფიქსირდება მხოლოდ ერთი რწმუნებული, დირექტორი. შესაბამისად, მე ვარ გენერალური დირექტორი.
ეგ საერთოდ იურისტია? რასაც ვუყურებ არ არის..
აბა, ხელფასს მჩუქნიან? ეს მაინც იცოდეს შრომითი ურთიერთობები როგორ ხდება დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის.
ვერ მომინელა ადამიანმა, რა ქნას. დამეწიოს, ძალიან ბევრი წიგნის წაკითხვა მოუწევს, სანამ ჩემამდე მოვა. წიგნი გადაშალოს და იმეცადინოს“, – განუცხადა ნინო ნადირაძემ „ფორტუნას“.