საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო 60 ავტომობილის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება.
რომან გოცირიძის თქმით, „პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს“.
„საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება.
ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკას არის მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც, ზოგ შემთხვევაში, 10 ათას ლარსაც კი აჭარბებს.
პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველ სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას“, – ამბობს რომან გოცირიძე.
ცნობისათვის, როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტის აპარატი, მომავალი მოწვევისთვის გეგმავს მის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ჰიბრიდული ავტომობილებით.
„მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს, 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.
გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 712 230 ლარი, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.
საქართველოს პარლამენტი შესყიდვის პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით“, – აღნიშნულია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.