კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივები სხვადასხვაა, გულუბრყვილო-სენტიმენტალურიდან დაწყებული, პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეთიკურ-ეგზისტენციალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქში” წერს.
როგორც გოცირიძე განმარტავს, პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს.
“კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივები სხვადასხვაა, გულუბრყვილო-სენტიმენტალურიდან დაწყებული პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეთიკურ-ეგზისტენციალური.
პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან კიდევ უფრო უარესიცაა – ხავს მატერიალური შემადგენელი მაინც აქვს, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი კი ხავსის ტოლიც არ არის. მსგავსი ნაბიჯი შეიძლება, რაღაცის დამაგვირგვინებელი ყოფილიყო. ახლა, მიზეზების ძიებას რომ არ მოვყვე, ეს უკვე გვიანია. ვემზადოთ არჩევნებისთვის და გამოვიყენოთ პარლამენტის მწირი რესურსი გასაძლიერებლად. მწირი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციამ შევუწყვეთ ხელი, ასეთი გამხდარიყო“, – წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვების მოპოვების ერთადერთი გზა გაერთიანებაზე გადის.
მარგველაშვილმა თქვა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ამ ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები.
„უნდა იმოქმედო. პირველი – რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ, ნამდვილად, ეს დაძაბავს სიტუაციას და ეს მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომელთა 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ამ ნაბიჯში“, – თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
