მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიად იქცა, ათობით ქალაქი გაანადგურა და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ომის საკუთარი ისტორია და გმირები ჰყავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კინემატოგრაფისტები დღემდე ინტერესდებიან ომის თემით და სრულიად განსხვავებულ სიუჟეტებს სთავაზობენ მაყურებელს.
„პიანისტი“ (The Pianist, 2002) – რომან პოლანსკის ისტორიული დრამა, რომელიც ცნობილი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის მემუარების „ქალაქის დაღუპვის“ მიხედვით შეიქმნა, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტზე მოუთხრობს მაყურებელს. 2002 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმის რტო“ მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი, კინოაკადემიის სამი პრემიით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებელი, 29 წლის ედრიან ბროუდი, რომელმაც სპეციალურად ფილმისთვის დაიკლო 13 კილოგრამი და შოპენის ნაწარმოებების ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა, „ოსკარის“ ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
„რიგითი რაიანის გადარჩენა“ (Saving Private Ryan, 1998) – სტივენ სპილბერგის ეპიკური სამხედრო დრამა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს – მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმას, ოვერლორდისა და ნეპტუნის ოპერაციებს მიეძღვნა. ამბობენ, თითქოს ფილმი ძმები სალივანების რეალური ისტორიის მიხედვით დაიდგა, როცა ხუთი ძმის დაღუპვის შემდეგ ამერიკელ სამხედროებს მეექვსე ძმის ნებისმიერ ფასად გადარჩენა დაევალათ. ფილმმა „ოსკარის“ ხუთი პრემია დაიმსახურა, 2014 წელს კი, ამერიკული ფილმების ნაციონალურ რეესტრში შევიდა.
„კარგი გერმანელი“ (The Good German, 2006) – ჯოზეფ კოენის ბესტსელერის ეკრანიზება სტივენ სოდერბერგმა გადაწყვიტა, რომელმაც 1940-იანი წლების ფილმების სტილიზაციით შექმნა საკუთარი შავ-თეთრი ნეონუარი. ფილმი ამერიკელი ჟურნალისტის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ჩადის ნანგრევებად ქცეულ ბერლინში რეპორტაჟის მოსამზადებლად, თუმცა თავისდაუნებურად ეხვევა ამერიკელებისა და საბჭოელების ჯაშუშურ თამაშებში. მთავარი როლები ფილმში ჯორჯ კლუნიმ და ქეით ბლანშეტმა შეასრულეს.
„პერლ-ჰარბორი“ (Pearl Harbor, 2001) – სასიყვარულო სამკუთხედსა და მთავარი გმირების დაძაბულ ურთიერთობაზე მაიკლ ბეიმ იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის ფონზე მოუთხრო მაყურებელს. მთავარი როლები სამხედრო დრამაში ბენ აფლეკმა, ჯოშ ჰარტნეტმა და ქეით ბეკინსეილმა შეასრულეს. სხვათა შორის, მთავარ პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავთ, რომელთაც მართალია, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეკრანული ისტორია რადიკალურად განსხვავდება რეალურისგან, მაგრამ ფილმი მაინც დადებითად შეაფასეს.
„შავი წიგნი“ (Zwartboek, 2006) – ჰერარდ სუტემანის სცენარის მიხედვით დადგმული სამხედრო დრამა ჰოლანდიელი წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის პოლ ვერჰოვერნის პირველი ფილმია, რომელიც მან მშობლიურ ნიდერლანდებში დადგა. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ებრაელი ქალი რახელ შტაინია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში გერმანელების მიერ ოკუპირებულ ნიდერლანდებში ცდილობს გადარჩენას. ფილმი ნიდერლანდების ნაციონალური პრემიის „ოქროს ხბოს“ სამგზის მფლობელი გახდა საუკეთესო ფილმის, რეჟისორის და ქალის მთავარი როლის ნომინაციაში.
„ნიურნბერგის პროცესი (Judgment at Nuremberg, 1961) – სტენლი კრამერის სამსაათიანი იურიდიული დრამა, რომელსაც რეალური მოვლენები დაედო საფუძვლად, ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესზე მოუთხრობს მაყურებელს. ფილმი, რომელიც კრიტიკოსებმა კრამერის საუკეთესო ნამუშევრად შეაფასეს ვარსკვლავების სიმრავლითაც გამოირჩევა. მთავარი როლები დრამაში სპენსერ ტრესიმ, მარლენ დიტრიხმა, მაქსიმილიან შელიმ და რიჩარდ უიდმარკმა შეასრულეს. მართალია, „ოსკარის“ 11 ნომინაციაზე წარდგენილმა „ნიურნბერგის პროცესმა“ მხოლოდ ორი პრემია დაიმსახურა, მაგრამ ამერიკული კინოს საუკეთესო იურიდიულ დრამად დასახელდა, 2013 წელს კი, ფილმების ნაციონალურ რეესტრში შევიდა.
„თუნუქის დოლი“ (Die Blechtrommel, 1979) – გერმანელი რეჟისორის ფოლკნერ შლიონდორფის ფილოსოფიური დრამა, რომელიც გიუნტერ გრასის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე შეიქმნა, კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოთი“ და „ოსკარის“ პრემიით აღინიშნა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში. მართალია, თავის დროზე ფილმმა სკანდალი გამოიწვია, მაგრამ დღეს გერმანული ახალი ტალღის შედევრად ითვლება. ფილმის პოპულარობა მეტწილად მთავარი როლის შემსრულებელმა – 12 წლის დევიდ ბენეტმა განსაზღვრა. სწორედ მცირეწლოვანი ოსკარის თვალით დანახულ ცხოვრებაზე მოუთხრობს რეჟისორი მაყურებელს, რომელიც ნაციონალ-სოციალური პარტიის ჩამოყალიბების და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.