საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20 %-ით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4 %-ით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 445 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11 %-ით აღემატება.
რაც შეეხება ქვეყნებს, საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებს შორის პირველ სამეულში აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო და ჩეხეთი არიან, ხოლო მათ მოსდევს – თურქეთი, პანამა, ნიდერლანდები, ავსტრია, კვიპროსი, აშშ და საუდის არაბეთი.
როგორც საქსტატში განმარტავენ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 175 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია, მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 60 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი 46 მლნ. აშშ დოლარით.
2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 აგვისტოს.