LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ოპონენტის ავადმყოფ გონებაში მოვიდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაისვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის – კახა კალაძე

KALADZE-300x154

„ჩვენთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფ გონებაში მოვიდა ის აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაისვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინათ ჩვენთვის,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კალაძე ამ განცხადებით რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის პროტესტსა და თბილისში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პროცესს გამოეხმაურა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლების და პირადად ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და გავასაჯაროვეთ ყველა პირის მიმოწერა. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფ გონებაში მოვიდა ის აზრი, არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები ან ოჯახი არ ჰყავთ ან შვილები ან დედ-მამა, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაისვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინათ ჩვენთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გააჟღერა, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო ზაზა სარალიძეს და მის მომხრეებს დედაქალაქის მერია არ აძლევს კარვების გაშლის და პროტესტის გამოხატვის უფლებას, რაც კალაძის შეფასებით, სიცრუეა.

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზია, პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“, კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა ამ ყველაფერზე პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ. მთელი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან ნამდვილად არ გადავუხვევთ, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემაზე და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული.

“რამდენჯერმე განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვიქნებით ყოველთვის, ამიტომ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და ყოველთვის მივაწოდებთ სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას,“ – დასძინა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები