დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ პირბადე ადამიანებს კორონავირუსის გადადებისგან ვერ იცავს და რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი.
მისი თქმით, როცა პირბადე არასწორად არის მორგებული, არაეფექტიანია.
ზახაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ეფექტიანობით სამედიცინო, 3-შრიანი ნიღაბი გამოიყენება.
„დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე მეტად ეფექტიანია 3 შრიანი სამედიცინო პირბადე. შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა 2 შრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მაღალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენი შრისგან შედგება. რაც უფრო მეტ შრიანია, ალბათობა რომ შეაკავებს ვირუსს უფრო მაღალია. სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება.
ეს არის სწორად რისკის შეფასება სად იმყოფებით, სწორად პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგს ნიღაბი უკეთია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის გამოყენებული. ყველაფერს აქვს თავისი წესი და არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს უნდა გეკეთოთ უკუღმა, რატომღაც დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ დაინფიცირდა ადამიანისგან, რომელსაც ნაჭრის პირბადე ეკეთა.
ნინო წილოსანის დაინფიცირების მიზეზი ნაჭრის პირბადე გახდა