LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო წარადგინეს: ბებერ ქალბატონთან 4-წლიანი რომანი იწყება

60

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად წარადგინა სუპერახალწვეული კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელმა პრესკონფერენცია გამართა და საკლუბო მაისურიც მიიღო, რომელზეც ბუნებრივია მეშვიდე ნომერი აწერია.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ჩემი გადაწყვეტილება ნაფიქრია. მეგობრები ადრეც მეუბნებდნენ, რომ მე შემეძლო ამ გუნდში თამაში. ეს საუკეთესო კლუბია იტალიაში, მას ძლიერი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ყავს.

ყოველთვის მინდოდა ტიტულების მოგება და მწვერვალზე ყოფნა. არასოდეს მიფიქრია, რომ ხუთ “ოქროს ბურთს“ მივიღებდი, მაგრამ ალბათ, “იუვეში“ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რატომაც არა? მაგრამ ეს არ არის ის, რაც ხელს შემიშლის დაძინებაში.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერი გუნდის ოცნებაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ტურნირის, სკუდეტოსა და სხვა პრიზების მოსაგებად. მესმის, რომ კონკურენცია დიდი იქნება, მაგრამ სიმშვიდე და განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება იოლი არ არის. იმედია, შევძლებ დახმარებას. „იუვენტუსს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა მოგებამდე. ფინალშიც რომ მოხვდე, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოიგებ. იმედია, მე მოვიტან გუნდში წარმატებასა და იღბალს.

იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთული ლიგაა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტაქტიკა. მესმის, რომ შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ჩემს კარიერაში არაფერი იყო ადვილი და მზად ვარ, წარმატების მისაღწევად თავი არ დავზოგო. ეჭვი არ მეპარება, რომ მზად ვარ ჩემი კარიერის ამ ახალი და რთული ეტაპისთვის.

„რეალის” დატოვების გამო გული არ დამწყვეტია. იქ შესანიშნავი 9 წელიწადი გავატარე, მაგრამ ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება. მადრიდული კლუბის მადლობელი ვარ.

“იუვესთან” კონტრაქტი 37 წლის ასაკში დამისრულდება. მინდა თუ არა “სპორტინგში” დაბრუნება? ლისაბონური გუნდი მუდამ დარჩება ჩემს გულში. რა თქმა უნდა, მსურს “იუვენტუსთან” ერთად მივაღწიო წარმატებებს. აქ შვებულების გასატარებლად არ ჩამოვსულვარ.

მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას. ისინი ჩემზე ფიქრობდნენ, დაიჯერეს ჩემი შესაძლებლობები. ახლა კარგ ხასიათზე ვარ ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ამაყი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.

 

რონალდო „იუვენტუსში“ 112 მილიონ ევროდ გადავიდა „რეალიდან“. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 30 მილიონი ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g