იმერეთში ახალი ტურისტული ლოკაცია გაჩნდება – მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, მისთვის რუას აბანოების შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად, აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti. ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – ამბობს ზვიად შალამბერიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება, სპეციალისტებთან ერთად.