ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, აქტუალური ხდება სასურველი ფერის რუჯი. ზოგმა ზღვის სანაპიროს უკვე მიაშურა, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ჯერ შვებულება არ აუღია და კანის შეფერადებას აუზზე ან სხვა მეთოდებით ცდილობენ.
ნაწილი ამტკიცებს, რომ დამწვრობა რამდენიმე დღეში ნამზეურში გადადის. ეს მტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, თუ მუქი ფერის კანი გაქვთ. ხოლო თუ ღია ფერის კანი გაქვთ, დამწვრობის შედეგად თქვენ – დაიზიანებთ კანს, რომელიც გამოშრება, შემდეგ აუცილებლად აგძვრებათ, საბოლოო ჯამში კი მზის პროცედურების ახალი ფურცლიდან დაწყება მოგიწევთ.
სასურველია, რომ ყველაზე მეტი კრემი ცხვირზე, გულმკერდსა და მხრებზე გადაინაწილოთ, რადგან ეს ადგილები ყველაზე ადვილად იწვება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს თვალები, ტუჩები და თმა, რომელიც არანაკლებ ზიანდება მზის სხივების ზემოქმედებით. თვალები და თმა, სათვალეებითა და ქუდით სასურველია რომ დავიცვათ, ტუჩებისთვის კი რეკომენდირებულია ასევე SPF-იანი (Sun Protection Factor – ქართ: მზისგან დამცავი ფაქტორი. რაც მეტია SPF-იანი რიცხვი, მით მეტად ვართ დაცულები მზის ულტრაიისფერი სხივებისგან) მზისგან დამცავი ბალზამი.
თუ გსურთ სასურველი ფერის კანი გქონდეთ და ეს ყველაფერი დამწვრობის გარეშე შეძლოთ, მაშინ გარუჯვის პირველ დღეს მზეზე 15-20 წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდეთ. მორიგი რუჯის მიღების დროს კი ყოველ ჯერზე 5-10 წუთი დაამატეთ. გარდა ამისა, სხეულზე მზისგან დამცავი კრემი 20-30 წუთით ადრე უნდა დავიტანოთ და ყოველ ორ საათში ერთხელ განიახლოთ. თუ წყალში ჩახვალთ, ამოსვლისთანავე დამცავის წასმა აუცილებელია.
გაითვალისწინეთ, რომ რუჯის მიღება და თქვენს ორგანიზმში მელანინის წარმოქმნა რუჯის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათი გრძელდება. მელანინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ნივთიერებაა. სწორედ ამ მიზეზით, არ არის აუცილებელი მზეზე წოლა იმ დრომდე, სანამ კანის ფერის ცვლილება თქვენთვის შესამჩნევი გახდება.
წყალი
რუჯის მიღებისა და მზეზე ყოფნის დროს დალიეთ ბევრი წყალი, რომ კანი არ გამოგიშრეთ. ექიმების რჩევით, წყალი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა რუჯის მიღებისას განსაკუთრებით სასურველია თუ 1.5-2 ლიტრა წყალს დალევთ.
„ისი-პარის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი ხატია შამუგია, რუჯს 17 წლის ასაკიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილობს და კანსაც უვლის, აქვს კანის მზისგან დაწვის გამოცდილებაც. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მზისგან დამცავის გარეშე რუჯის მიღება არაფრით შეიძლება.
„მე საერთოდ რუჯის მიღებას ვიწყებ გაზაფხულის მეორე ნახევრიდან, როცა ზაფხული ახლოვდება და კანს ვამზადებ მზისთვის, რომ არ მივიღო მერე დამწვრობა. ოღონდ ძალიან ზომიერად. ვიწყებ უსაფრთხო სოლარიუმით და შემდეგ უკვე მაისიდან ღია აუზზე ვიწყებ რუჯის მიღებას. ვიყენებ რა თქმა უნდა დამცავებს. თუ სადმე მივდივარ აუზიდან დაწყებული დასასვენებლით დამთავრებული, ტანსაცმელზე მეტი მაქვს დამცავი და მოვლის საშუალებები. ვიწყებ 30 SPF-ით სხეულს და შემდეგ ჩამოვდივარ 15-ზე. სახეს უფრო მაღალით 50 SPF-ით. სამი წელია სახეზე რუჯი არ მიმიღია არც სოლარიუმში დ არც მზეზე. დამცავის გარეშე მე რუჯს არ ვიღებ. 12-ის მერე 2 საათამდე არ ვწევარ მზეზე. მიღებულ რუჯს კი ვინარჩუნებ მზის შემდეგ წასასმელი საშუალებებით. მაქვს ჩემი საყვარელი ბრენდები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მინარჩუნებს რუჯს, ატენიანებს და კვებას კანს, არ იქერცლება და რუჯიც დიდხანს რჩება,“ – განაცხადა ხატია შამუგიამ.
დემატოლოგების რჩევით, მზისგან დასაცავად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ SPF-იანი კრემები.
როგორც „ფორტუნას“ დერმატოლოგმა მაია პაიკიძემ განუცხადა, გარდა კანის დაცვისა ასევე ყურადღება უნდა მიექცეს თმას. თმაც განიცდის ხოლმე არასასურველ ზემოქმედებას.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ტუჩის დაცვაც. აქაც SPF-იანი ტუჩის ბალზამი უნდა გამოვიყენოთ ხოლმე. კანის დაავადები გვაქვს, რომელიც მოითხოვს მაღალი SPF-ით დაცვას. 15-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს როგორც სხეულზე და სახეზე გამოსაყენებლი კრემები, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტუჩის შემთხვევაშიც იყოს SPF-იანი ბალზამი. სასურველია მზეზე 11 საათამდე ვიყოთ და საღამოს 6-ის ნახევრის შემდეგ. სწორად მიღებული რუჯი კანისთვის საზიანო არ არის. თუმცა, თუ კანი დაგვეწვა, რა დროსაც ვითარდება ბუშტუკები, შეიძლება შემდეგ ეს წყლულები დაინფიცირდეს. დამწვრობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა თუ არც ისე საგანგაშოა სახლის პირობებში უამრავი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო არსებობს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა და თუ არ დაეხმარება, არ ავნებს მაინც. თუ ადამიანს აქვს ბევრი ხალი და უკონტროლოდ ატარებს მზეზე დროს მრავალი წლის განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებაც“, – განუცხადა „ფორტუნას“ მაია პაიკიძემ.