ვარჯიშისას თბილად ჩაცმაა სასურველი, თუმცა როცა ქართველი სპორტსმენი ტანსაცმელს არჩევდა, ალბათ არც კი წარმოედგინა, რომ ქუდის გამო, ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა – ასე იწყება BBC-ს სტატია ჯაბა ყველაშვილზე, რომელზეც გუშინ ორმა ქართულმა ვებსაიტმა, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
საიტებმა დაწერეს, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეს ქუდზე Russia ეწერა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯაბა ყველაშვილს ქუდზე RUSSELL ეწერა და არა RUSSIA.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საიტებმა არასწორი ინფორმაცია აიღეს და მისი გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენმა სხვა კუთხით გადაღებული ფოტო დადო, სადაც წარწერა RUSSELL კარგად ჩანდა.
“სახელზე ასეთი მგრძნობიარობა გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის, ისტორიული დაძაბულობაა,” – ნათქვამია BBC-ის სტატიაში.
გამოცემა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების რეაქციაზეც წერს, მას შემდეგ, რაც მათ ვებსაიტის შეცდომის შესახებ გაიგეს.
“ერთერთმა მომხმარებელმა პრინცი ჰარის ფოტო დადო ორი რაკურსით, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს რაკურსს. ასევე ერთერთმა მომხმარებელმა იხუმრა: “იცით, კურტ რასელის გვარშიც არის RUSS, შეგიძლიათ პანიკა ატეხოთ,” – ვკითხულობთ სტატიაში.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2329075983777250&set=a.220421054642764&type=3&theater
BBC-ის სტატია საქარტველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოკლე აღწერით სრულდება.
“როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი ჩამოინგრა, საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. აშშ-ის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა საქართველოზე, რუსეთში დიდი შეშფოთების მიზეზი გახდა.
1993 წელს სეპარატისტებმა, აფხაზეთის რეგიონიდან ქართული ჯარი გააძევეს, რის შემდეგაც, აფხაზეთი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი არაღიარებული სახელმწიფო გახდა.
2008 წელს კი, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რუსული ჯარი ჩაერია და დარჩენილი ტერიტორიებიდან საქართველოს ჯარები გააძევა, აღნიშნულ ტერიტორიებზე აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ კონტროლი დაკარგა,” – ვკითხულობთ სტატიაში.