LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს“ – გენერალი ჰოჯესი

876
293693915_1074670959809615_202206132134772845_n

„რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს“,-  ამის შესახებ გენერალმა, ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“  განაცხადა.

მისი თქმით, რუსები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან.

„რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს”, – ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“.

გენერალმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარის უკრაინაში საომრად წაყვანაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ფაქტი საქართველოს შეუძლია, მის სასარგებლოდ გამოიყენოს.

გთავაზობთ ამონარიდს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუდან: 

“აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.

თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანა საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება აქვს აღებული ძალის არგამოყენების შესახებ. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გზის გამოყენებას გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად კარგი იდეაა საქართველოსთვის ამ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით აქტიურობა და რუსეთის რეაქციის გამოცდა?

წვრთნებზე შესაძლო რეაგირებას გულისხმობთ?

დიახ. ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული…

გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული.

მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g