LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთიდან შემოთავაზება მივიღე“ – რას პასუხობს წინადადებას სოსო ჯაჭვლიანი

336
სოსო ჯაჭვლიანი

„მსოფლიოს ფედერაციის მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოშორებულმა რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციამ გადაწყვიტა სევასტოპოლში ჩაატაროს ალტერნატიული მსოფლიოს თასი, რომელშიც კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული – ბელარუსის ნაკრებიც ჩაებმება“, – ამის შესახებ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა. როგორც მანვე დასძინა, გაჩნდა საშიშროება, რომ მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დისკვალიფიცირებულმა ქართველმა მკლავჭიდელებმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთიდან მას პირადად დაურეკეს და ალტერნატიულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა შესთავაზეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენც დისკვალიფიცირებულები ვართ მსოფლიოს ფედერაციისგან და ახლახან, რუსებმა პირდაპირ შემომთავაზეს, მათ მიერ ორგანიზებულ „მსოფლიოს თასზე“ გამოსვლა, თან დამპირდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა ხარჯს თავად გასწევდნენ, ოღონდ კი დავთანხმდეთ.

ჩემი ამ საკითხისადმი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უარყოფითია, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ სპორტსმენთა ნაწილი თავიანთი ინიციატივით გაემგზავროს რუსეთში. მინდა, მივმართო სპორტის სამინისტროს, არ დაუშვას ალტერნატიულ შეჯიბრებაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება.“ – თქვა სოსო ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებს 2025 წლამდე მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული აქვს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას კი სოლიდური ფინანსური სანქცია დაეკისრა. ამ მძიმე სასჯელის მიზეზი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც საქართველოს შარშან უნდა ემასპინძლა, მაგრამ სახელმწიფომ შეჯიბრების ჩატარება ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

 

 

 

 

 

 

ფოტო: ტვ „ფორმულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g