LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა – გიორგი მარგველაშვილი

87

რუსეთის აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც ესტონეთის პრეზიდენტკერსტი კალიულაიდთან ერთად ჩავიდა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის.

“მადლობა მინდა, ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ ისევე, როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც. ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა – საქართველო. არაერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

“დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა ისევე, როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები.

“ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემს ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით საქართველოს,” –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

magti 5g