რუსეთის ხელისუფლება აღიარებს კრემენჩუკზე თავდასხმას, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
თუმცა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ ყოფილა და რომ სავაჭრო ცენტრი კი არა, არამედ სამხედრო არსენალი დაბომბეს.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოხსენებაშია აღნიშნული.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე.
მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად განადგურებულია დონბასში უკრაინის ჯარებისთვის გასაგზავნად საწყობის ტერიტორიაზე კონცენტრირებული დასავლური წარმოების იარაღის საბრძოლო მასალა”.
რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი დასავლური საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სპორნოიეს რაიონში ორი სამეთაურო პუნქტი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა ლუგანსკსა და 28 რაიონში.
უკრაინული მხარე კი კატეგორიულად აცხადებს, რომ კრემენჩუგის სავაჭრო-გასართობ ცენტრში არანაირი იარაღი და საბრძოლო მასალა არ ინახებოდა.
შეგახსენებთ ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში, დაახლოებით, 1 000 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 18, დაკარგულად ითვლება 40, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმითა და დამწვრობით კი საავადმყოფოში გადაყვანილია 59 ადამიანი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში