LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ტრამპი გააბრაზა, მსოფლიო ლიდერები კი რიგში დაუდგნენ

166
GettyImages_631883264

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში აშშ-ის სამშვიდობო ჩართულობა კვლავ მთავარ თემად რჩება. თუმცა, ვითარება ისეთი მარტივიც არ აღმოჩნდა, როგორც ეს თავდაპირველად აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს წარმოედგინა. რუსეთმა დონალდ ტრამპი გააბრაზა, რომელიც არ ასრულებს შეთანხმებას და განაგრძობს უკრაინაზე იერიშებს. გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“ მთავარი თემა სწორედ ეს იყო, თუმცა წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა კიდევ სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების თემა და შემდეგ აღებული 90-დღიანი პაუზა; ამ ფონზე ჩინეთ-აშშ-ის ომი, რომელიც მსოფლიო ეკონიმიკაზე მოახდენს გავლენას და სხვა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჩინეთთან კონტექსტში ისაუბრა და ყველა ჩინელს გლეხები უწოდა, რამაც აღშფოთება გამოიწვია და ბოდიშის მოხდაც მოთხოვეს.
კიდევ უფრო შორს წავიდა თავად პრეზიდენტი. ტრამპმა სატარიფო პოლიტიკაში მსოფლიო ლიდერების მხრიდან უკან დახევა და მოლაპარაკებების სურვილი ხატოვნად აღწერა, რომ მსოფლიო ლიდერები რიგში დგანან მის უკანალზე საკოცნელად.

რამდენად წაადგება ურთიერთობების ნორმალიზებას და გაუმჯობესებას მსგავსი განცხადებები?

“პირველ რიგში, ისევ და ისევ უნდა ვისაუბროთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ, მისი შეწყვეტის თუ შეწყვეტის უპერსპექტივობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც საწყის ეტაპზე მაინც ჰქონდა მოლოდინი, რომ შეძლებდა პუტინთან მოლაპარაკებას, ახლა უკვე ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებულია, რომ არ მოსწონს და რუსები „გიჟებივით ბომბავენ“ უკრაინის ქალაქებს.
კითხვაზე შეხვდება თუ არა პუტინს, მან უკვე განსხვავებული ტიპის პასუხი გასცა, რომ ამერიკული მხარე ელაპარაკება რუსებსაც, უკრაინელებსაც და ეს ლაპარაკი გრძელდება. აღარ დაუკონკრეტებია, რომ ახლო მომავალში აქვს შეხვედრის და ცეცხლის შეწყვეტის იმედი.

რუსების ერთ-ერთი დაბომბვა განსაკუთრებით სასტიკი იყო. ქალაქ კრივი რიჰში 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი, სათამაშო მოედანზე დავარდნილი ბალისტიკური რაკეტის შედეგად.
რუსები ამბობენ, რომ იქვე არის რესტორანი, სადაც შეკრებილი იყვნენ უკრაინელი სამხედროები და სწორედ ისინი იყვნენ სამიზნეები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მრავალტონიანი რაკეტა ეცემა ბავშვების სათამაშო მოედანზე.

სხვა დაბომბვების დროს გამოიყენეს რუსული საზღვაო გემი, იქიდან გაუშვეს რაკეტა. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ შეატყობინა აშშ-ს, რათა არ ჰქონდეს ვინმეს ილუზია და არასწორი წარმოდგენა, რომ რუსეთი თითქოს იცავს შეთანხმებას. ეს თავიდანვე ცალსახა იყო, რადგან ისეთი პირობები აქვს წინა პლანზე, რომ მათი შესრულება შეუძლებელია.

რუსეთი ითხოვს ყირიმის, ასევე სხვა ოთხი რეგიონის აღიარებას როგორც რფ-ის ტერიტორიების. ამასთან დაკავშირებით უკრაინელებს კატეგორიული პოზიცია აქვთ. ისევე როგორც დემილიტარიზაციაზე, ისევე როგორც ხელისუფლების ცვლილებასთან და რუსეთისთვის მისაღები რეჟიმის დანიშვნასთან.

კირილ დმიტრიევმა, რომელიც პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია, განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც კი შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. თუმცა ამ ინტერვიუს შემდეგ, პუტინის რეჟიმის ოფიციალურმა პირებმა, პესკოვმა და ლავრომა განაცხადეს, რომ გარანტიების თემაც კი კომპლექსურია და სჭირდება დეტალური შესწავლა და მუშაობა და ადრეა ჯერ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი.

მოკლედ, იმ ტემპით ურთიერთობების აღდგენა, როგორც ტრამპს წარმოედგინა, არ ხდება.

რუსეთი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუძლიათ ითანამშრომლონ და ეპატიჟებიან ამერიკულ კომპანიებს. დმიტრიევი დარწმუნებულია, რომ ეს კომპანიებიც დაინტერესებული არიან დაბრუნებით, ძირითადად ენერგეტიკის სფეროში.

რაც შეეხება სანქციებს, რუსეთს აღარ ანაღვლებს. თუმცა მოლაპარაკებებშიც კი ამ თემას პირობად აყენებდნენ და ღიადაც საუბრობდნენ, რომ აუცილებელია მოიხსნას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის აუცილებელ პირობად. რუსების მოთხოვნაა, რომ სასუქებით ვაჭრობაზე მოიხსნას სანქციები და აგრარული ბანკი ამოიღონ სანქცირებული კომპანიების სიიდან.

თუმცა, დასავლეთის მკაფიო პოზიციაა, რომ სანქციების მოხსნისთვის რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარები, რის გაკეთებასაც არ აპირებს”.

ფოტო: vox

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g