„ვედომოსტის“ ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე, ბოლო დღეებში ღილაკიანი მობილური ტელეფონების გაყიდვებმა იმატა.
MTS-ის ცნობით, 23-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, გაყიდვების მაჩვენებელი გასამმაგდა წინა კვირის ბოლოსთან შედარებით. მსგავსი ტენდენცია ბაზარზე მობილური ტელეფონების სხვა მსხვილი გამყიდველების – MegaFon-ისა და Citilink-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
„მეგაფონის“ პრესსამსახურის ცნობით, 21-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, საცალო ქსელში ღილაკიანი ტელეფონების გაყიდვები, წინა კვირასთან შედარებით, 86%-ით გაიზარდა. „სიტილინკმა,“ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლები, 17%-იანი ზრდა დააფიქსირა.
გამოცემის თანახმად, შეძენილი ტელეფონების საშუალო ღირებულება 1,6 ათასი რუბლია. გარდა ამისა, სამჯერ გაიზარდა სადენიანი ყურსასმენების გაყიდვები, ხოლო პორტატული ბატარეების – ოთხჯერ.
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ნაწილობრივ მობილიზაციაზე გამოძახებულებს გზაზე მხოლოდ ღილაკიანი ტელეფონის წაღების უფლება აქვთ და არა სმარტფონის. დანაყოფში მისვლის შემდეგ კი ისინი ვალდებულნი არიან ტელეფონი მეთაურს გადასცენ.