რუსეთის ქალაქ ყაზანში მე-11 კლასელი გოგო დააკავეს, რომელმაც სამხედრო კომისარიატის შენობაში ცეცხლის გაჩენა სცადა. აღნიშნულის შესახებ Telegram არხი BAZA იუწყება.
რუსული ოპოზიციური არხის თანახმად, გოგოს თან ჰქონდა სამი „მოლოტოვის კოქტეილი.“ გოგონამ ორი „კოქტეილი“ შენობის მიმართულებით ისროლა, თუმცა მიზანს ააცილა და კომისარიატის ერთ-ერთი კედლიდან რამდენიმე მეტრში მხოლოდ ბალახი დაიწვა. მესამე ბოთლი სკოლის მოსწავლეს დაკავებისას უპოვეს.
როგორც BAZA იუწყება, გოგომ პოლიციას აუხსნა, რომ სურდა, ცეცხლი სამხედრო კომისარიატის შენობისთვის წაეკიდებინა, რადგან რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციასა და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ეწინააღმდეგება.
„მოსწავლე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.“– წერს არხი.
