გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის კიდევ ორ ქალაქზე მიიტანეს ავიაიერიში – დაიბომბა სუმი და ახტირკა.
ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ არხზე სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს.
მისი განცხადებით, დაახლოებით 00:40 საათზე ჭურვები სუმის და სოფელ ბიტიცას გარეუბანში ისროლეს, 01:30 საათზე კი რუსულმა ავიაციამ ახტირკის საცხოვრებელი უბნები დაბომბა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნე სწორედ საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი იყო.
“იქ მთელი ინფრასტრუქტურა უკვე განადგურებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მტერი აგრძელებს ქალაქის დაბომბვას დღე და ღამე.
ტროსტიანეცში დაიბომბა ყოფილი ქარხანა – დაიღუპა სამი ადგილობრივი, მათ შორის არასრულწლოვანი”, – წერს მედიასაშუალება.
თავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბიც. უწყების მონაცემებით, შეიარაღებული ძალები დონეცკისა და სლოვოჟანსკის მიმართულებით იერიშებს იგერიებენ.
ღამით საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვსა და ახტირკაში, ასევე მარიუპოლში. ჩრდილოეთით მტრის შესაკავებლად, თავდაცვას ინარჩუნებენ ჩერნიგოვში. ასევე, აკავებენ საოკუპაციო ძალებს სამხრეთით, კრივოი-როგის, ნიკოლაევისა და ვოზნესენსკას მიმართულებით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: