LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე დილამდე დარჩებიან, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ – რას აცხადებენ აქციის ორგანიზატორები

247
შოთ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მიმართა.

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, გეგმის ერთ ნაწილს აქციის ორგანიზატორები დაახლოებით ნახევარ საათში იტყვიან, რადგან მისივე თქმით, გეგმის სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას.

„ადამიანებს აქ აინტერესებთ გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომ ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს.

ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ – ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ჰოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც – ეს ეროვნული გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს. შეგიქმნით ყველა კომფორტს იმისთვის, რომ თქვენი აქ ყოფნა ღამე იყოს მაქსიმალურად გადასატანი, მაგრამ მგონი, შეგვიძლია ერთი ღამე გავათიოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ შეიძლება მერე ბევრი ღამის გათევა მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში. ჯობია საკუთარ ქვეყანაში გავათიოთ ეს ერთი ღამე“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის გამოსვლის პარალელურად აქციის მონაწილეები გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მოთხოვნები ძალაში რჩება და მის შესასრულებლად ხელისუფლებას მცირე დრო ჯერ კიდევ აქვს.

მაქარაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების ნება ურყევია და აპირებენ, რომ ექვს თვეში ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნონ.

„მოთხოვნები ძალაში რჩება და საქართველოს მთავრობას აქვს კიდევ ცოტა დრო დღევანდელი დღის ამოწურვამდე. როგორც ხედავთ, ხალხის რაოდენობა მატულობს. არ იმუშავა არც ერთმა პროპაგანდამ, არც ერთმა ნარატივმა, ამ აქციის დაშლას უკვე ვეღარ შეძლებს ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენი ნება არის ურყევი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ 6 თვეში ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ვერანაირად ვერანაირი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიცია და ვერანაირი რაღაცა მავნე ადამიანები ვერ შეცვლიან ამ ყველაფერს. ჩვენ ამაღამ დავრჩებით და არც ერთი წამით, არც ერთ კანონს არ დავარღვევთ ჩვენი აქციის არც ერთი მონაწილე. ვიქნებით მტკიცენი, მშვიდობიანი და მართალნი ბოლომდე“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე გაკეთდა განცხადება, რომ დაახლოებით 3 ათასი აქციის მონაწილე გადაინაცვლებს „ქართულ ოცნებასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g