LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრი: „60 წელზე მეტი რუსთაველის თეატრს უერთგულა, უერთგულა ქართულ თეატრსა და კინოს…მადლიერებითა და დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ბატონ ჯემალს“

227
პ9უ989

რუსთაველის ეროვნული თეატრი ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება.

რუსთაველის თეატრი განცხადებას სოციალურ ქსელში თეატრის გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ღაღანიძემ 60 წელზე მეტი რუსთაველის თეატრს უერთგულა, უერთგულა ქართულ თეატრსა და კინოს.

ამასთან, თეატრი ღაღანიძის შემოქმედების შესახებ წერს და მსახიობის ფოტოებსაც გვიზიარებს.

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

„გარდაიცვალა ბატონი ჯემალ ღაღანიძე. . .

აპრილში 90 წლის გახდებოდა . . .

60 წელზე მეტი რუსთაველის თეატრს უერთგულა, უერთგულა ქართულ თეატრსა და კინოს. ეს 60 წელი მისთვის იყო შთაგონების, წარმატების, ტკივილის, ძიების წლები. იგი რუსთაველის ეროვნული თეატრის ტრიუმფის მომსწრე და მონაწილეა . . .

დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში და ასზე მეტი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სცენური პლასტიკითა და მუსიკალურობით. ბატონი ჯემალის ბევრ როლს სცენური არსებობის ხანგრძლივი ბედი ხვდა წილად, ,,კავკასიური ცარცის წრე“ 600-ზე მეტჯერ ითამაშეს. ყოველი მისი, თუნდაც ეპიზოდური თუ მეორეხარისხოვანი როლი მაყურებლზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა: წიწოლა (,,ბახტრიონი“), კაკული (,,პეპო“), ბატონი გიორგი (,,მზიანი ღამე“), არჩილ ფორია (,,გვადი ბიგვა“), ფირუზა (,,მეტეხი ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი (,,ხანუმა“), ლავრენტი, მამამთილი (,,კავკასიური ცარცის წრე“), l ღმერთი (,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ll ალქაჯი (,,მაკბეტი“), შალვა (,,მოხუცი ჯამბაზები“). . .

იგი სახასიათო როლების საუკეთესო შემსრულებელი გახლდათ. თავისი პერსონაჟის სახის გამოსაძერწად მსახიობი ზომიერად, ძუნწად, გემოვნებით იყენებდა ჟესტს, მიმიკას, პლასტიკას, გრიმს.

ბატონი ჯემალი საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ,,ღირსების ორდენის“ კავალერი გახლდათ, როგორც კომედიურ მსახიობს გადაეცა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო“, 2010 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ,,ვარსკვლავი“.

ჯემალ ღაღანიძემ დაუვიწყარი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და ტელეფილმებში – ,,ლაზარე“, ,,ჩირიკი და ჩიკოტელა“, აურზაური სალხინეთში“, ,,ერთი ნახვით შეყვარება“, ,,ნატვრის ხე“, ,,ყავა და ლუდი“, ,,ცხელი ძაღლი“. . .

ჯემალ ღაღანიძე ხელმარჯვე ოსტატიც გახლდათ, ზოგჯერ ამ ოსტატობის გამო კურიოზულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდნილა.
წიგნი ,,ესა ვარ რაცა ვარ . . .“ თავის საყვარელ რუსთაველის თეატრს, თავის ერთგულ მაყურებელს მიუძღვნა . . . თავად ჯემალ ღაღანიძე დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი იყო . . .

თავს ბედნიერად თვლიდა, რომ სპექტაკლში ,,უფლისწული და მათხოვარი“ პარტნიორობას შვილიშვილი სანდრო მიკუჩაძე- ღაღანიძე უწევდა.

,,თაობა მიდის . . . თაობა მოდის.“

მადლიერებითა და დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ბატონ ჯემალს,“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის განცხადებაში.

გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს: „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g