LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონს მიუზიკლ „კუკარაჩათი“ გახსნის

849
რუსთავი

2 თებერვალს, 12.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში საიუბილეო,  55-ე სეზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და  რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  წარადგენენ.

პრეზენტაციას თეატრის დასი და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან,  სადაც სრულად იქნება განხილული მიმდინარე სეზონის გეგმები.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო სეზონზე რუსთავის თეატრი 136 ღონისძიებას გამართავს. მათ შორისაა 6 სპექტაკლის პრემიერა. ამ პერიოდში უნდა დასრულდეს 0 სართულის ტერიტორიის,  ე.წ სარდაფის სივრცის რეაბილიტაცია, სადაც ცოტა ხნის წინ სპექტაკლის „მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიერა გაიმართა. ამავე სივრცეში განთავსდება გარდერობი მაყურებლისთვის.

გაიხსნება თეატრის მუზეუმი, რომელიც უკვე მრავალი წელია თეატრს არ აქვს და ის მასალა, რომელიც არქივში უნდა ინახებოდეს, დღემდე მოძიების პროცესშია, უკვე სრული სახით კი განახლებულ მუზეუმში მოიყრის თავს.

საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა – მიუზიკლი „კუკარაჩა“ თებერვლის დასაწყისში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა. მალევე პრემიერას შემოგვთავაზებს კოკო როინიშვილი, რომელიც ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოგვიდგენს.

საიუბილეო სეზონის ფარგლებში,  ზაფხულში რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. საიუბილეო სეზონის მიწურულს თეატრალური კვირეულის ფარგლებში რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. საიუბილეო სეზონს 30 ნოემბერს დასკვნითი კოსტიუმირებული გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟამინდელი და აწ უკვე ყოფილი დასის წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g