LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა

124
GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 10 წლის იუბილესთან დაკავაშირებული ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ კი სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიანი ისტორია შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება განისაზღვრა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს საქართველოში გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის შესაძლებლობას მისცემს:

  • ხელოვნური ინტელექტი –  საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
  • ფაგები – ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა. 
  • აგროტექნოლოგიები – სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას.

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:

  • Founder Market Fit – პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს.
  • MVP – ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი.
  • Market Entry – ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.

ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც GITA-ს მიერ შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჯამურად 160 სტარტაპი ჩაერთვება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდა. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ 38 მილიონი ლარი შეადგინა, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი და მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი, რომელიც საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის როლს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.

საქართველოს მასშტაბით 9 ტექნოპარკი შეიქმნა, რომლებიც, ერთი ფანჯრის პრინციპით, კომერციალიზაციაში ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეების დახმარებას უზრუნველყოფენ. პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, 80 პროექტი დაფინანსდა. 

საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა ქვეყანაში, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით,  ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, ამასთან, 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები