რუსთავში ტრადიციული თეატრალური ნოემბერი დადგა. ყველასათვის საყვარელი კომედიის თეატრალური ფესტივალი 11 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა და მაყურებელს 24 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება. რიგით მე-10 ფესტივალი 11 ნოემბერს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე გაიხსნა.
ფესტივალის პირველ დღეს სპექტაკლი წარმოადგინა ხულოს თეატრმა.
მთლიანობაში ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს 11 წარმოდგენის ნახვა შეეძლება. ამასთან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. ისინი კონკურსის ფარგლებში კომედიური ჟანრის ეპიზოდს, ეტიუდის სახით წარმოადგენენ. კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებული ფესტივალის ფინალურ დღეს გამოვლინდება.
გასული წლის გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. სწორედ მის მიერ დადგმული სპექტაკლი – „ვახშამი ექვსისთვის“ უკვე კომედიის ფესტივალის რეპერტუარში შევიდა.
კომედიის თეატრალურ ფესტივალზე გასულ წელს 3 საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი გამოვლინდა, რომელთა ავტორებსაც სურვილის შემთხვევაში სპექტაკლის დადგმა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ. ასევე ფულადი პრიზით დაჯილდოვდა მსახიობი ვატო სანიკიძე.
კომედიის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, წელს დაწესდება ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.
რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, კომედიის თეატრალური ფესტივალის მონაწილეები იქნებიან:
11 ნოემბერი – ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი – „სიყვარულის აგონია“ რეჟისორი: კოტე აბაშიძე
12 ნოემბერი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ცუდი ბიჭები“ – რეჟისორი: ანი ხიდეშელი.
13 ნოემბერი – ახალციხის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „გაუგებრობა“ რეჟისორი: მალხაზ ასლამაზიშვილი
15 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ – რეჟისორი: სოსო ნემსაძე
16 ნოემბერი – ქალაქის თეატრი – „კობა“ – რეჟისორი: კოკო როინიშვილი და გიორგი კიკნაძე
18 ნოემბერი – სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი – ,,დეპუტატი დრამატურგი“ – რეჟისორი: მიხეილ მრევლიშვილი
19 ნოემბერი -აზერბაიჯანის თეატრი – „მომკალ მომკალ ჩემო კარგო“
20 ნოემბერი – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ,,სათაგური“ – რეჟისორი: ოთარ ბაღათურია
21 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – „ვახშამი ექვსისთვის“ – რეჟისორი: თეიმურაზ დვალი
22 ნოემბერი – კონკური ახალგაზრდა რეჟისორებისთვის
23 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – „ძალად ექიმი“ – რეჟისორი: გიორგი ქანთარია
24 ნოემბერი – კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „მარტორქები“ – რეჟისორი: ზურაბ გეწაძე.