LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული დროშა ქუთაისის პარკში – ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ოკუპანტების სიმბოლო ინფორმაციის მიღებისთანავე ჩამოხსნეს

78
ოკუპანტი

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს.

ოკუპანტი ქვეყნის მთავარი სიმბოლო საქართველოს დროშის ნაცვლად დაკიდეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც „ფორტუნას“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, უწყებამ ინფორმაციის მიღებისთანავე რეაგირება მოახდინა და ოკუპანტების დროშა ჩამოხსნეს.

ამასთან, მერიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

უწყების ცნობით, მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

„აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა.“ – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.