უკრაინაში აგრესორი რუსეთის სასტიკი ომის წარმოებიდან მალე ნახევარი წელი მიიწურება და მიუხედავად იმისა, რომ პუტინის „სამხედრო ოპერაციას“ უამრავი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, განვლილმა ბრძოლებმა „რუსეთის უძლეველი არმიის“ შესახებ შექმნილი მითი, უკვე კარგა ხანია დაამსხვრია.
სპეციალისტების შეფასებით, ახლა ომი იქითკენ მიდის, რომ პოზიციურ ბრძოლებში გადავიდეს, ოკუპანტები მნიშვნელოვანი წინსვლას არ ცდილობენ და ამისთვის არც ემზადებიან, თუმცა, ზოგიერთ მიმართულებაზე და განსაკუთრებით, უკრაინის სამხრეთ ნაწილზე შეტევებს მაინც ახორციელებენ.
უსაფრთხოების სპეციალისტის, ანდრო გოცირიძის შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დასავლეთიდან შეიარაღების მიწოდებაში პროგრესი, იმისთვის, რომ უკრაინამ სტრატეგიული ინიციატივის, უპირატესობის ხელში აღება მოახერხოს.
მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ, უკრაინელებმა, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე, რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე – საკის აეროდრომზე იერიში განახორციელეს და საკმაოდ წარმატებულადაც.
ანდრო გოცირიძის შეფასებით, ყირიმზე დარტყმას უზარმაზარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ნახევარკუნძული აქამდე უკრაინული შეიარაღებისთვის მიუწვდომელი იყო.
გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ყოვლად არაპროვოცირებული და სასტიკი ომი, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან სწორედ ყირიმის წართმევით დაიწყო, როცა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსირება მოახერხა.
რუსეთის ომის მიმდინარეობა უკრაინაში; იერიშის მნიშვნელობა ყირიმის ნახევარკუნძულზე; რუსეთის შესაძლო პროვოკაციები სხვა მიმართულებებზე და გავლენა საქართველოზე – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, „ფორტუნა“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
რუსეთის სასტიკი ომის მე-6 თვე უკრაინაში
ანდრო გოცირიძის შეფასებით, უკრაინელები დასავლეთიდან მიწოდებულ ტექნიკასა და შეიარაღებას, საკმაოდ წარმატებით იყენებენ. მისი თქმით, როგორც ჩანს და გაცხადებულიც არის, ამ ყველაფერს წვრთნები და სავარჯიშოებიც მოჰყვება, იმისთვის, რომ მათ [უკრაინელებმა] მიწოდებული სამხედრო ტექნიკა სრულად აითვისონ.
უსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, ახლა ომის განვითარება პოზიციურ ბრძოლებში გადასვლისკენ მიდის, რუსები მნიშვნელოვანი წინსვლას ვერ ცდილობენ და მცირე გამონაკლისების გარდა, ამისთვის არც ემზადებიან, თუმცა, ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევებს მაინც ახორციელებენ.
კრემლის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მოლაპარაკების ჩაშლაში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეიარაღებაში პროგრესი. იმისთვის, რომ უკრაინამ სტრატეგიული ინიციატივის, უპირატესობის ხელში აღება მოახერხოს. თუმცა, არ უნდა ვიყოთ იმდენად ოპტიმისტები, ვიფიქროთ, რომ ომი ძალიან მალე დასრულდება. ეს ომი, სამწუხაროდ, ალბათ, წლები გასტანს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი მოთამაშეა და მის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, ამიტომ თუ ის დაინახავს, რომ სერიოზული პრობლემები იქმნება და და საქმე დამარცხებისკენ მიდის, ამ დამარცხების ფონზე, კრემლს შესაძლოა შიდა პრობლემებიც გაუჩნდეს და ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდების გამოყენება სცადოს.
ვგულისხმობ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს, არ ვგულისხმობ სტრატეგიული დანიშნულებისას, მაგრამ ვგულისხმობ უფრო სასტიკი და ბრუტალური მეთოდებით ბრძოლის წარმოებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იმავე ტერიტორიებზე, ან შესაძლოა ურთიერთობების და სიტუაციის სხვაგან გამწვავებას“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
უკრაინელების იერიში ყირიმის ნახევარკუნძულზე, როგორც ფსიქოლოგიური დარტყმა
„ფორტუნასთან“ საუბრისას გოცირიძემ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიტანილი იერიშის მნიშვნელობაც შეაფასა და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყირიმზე დარტყმას უზარმაზარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ნახევარკუნძული აქამდე უკრაინული შეიარაღებისთვის მიუწვდომელი იყო.
გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ყოვლად არაპროვოცირებული და სასტიკი ომი, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან სწორედაც რომ ყირიმის წართმევით დაიწყო, როცა 2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსირება მოახერხა.
უკრაინელების იერიშის კვალი ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსულ აეროდრომზე
„აღნიშნული აეროდრომი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით – იყო რუსული ავიადარტყმების საბაზისო პუნქტი, აქედან ხორციელდებოდა საბრძოლო გაფრენები და გარდა ფსიქოლოგიური მნიშვნელობისა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს წმინდა სამხედრო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია.
მეტად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბოლო დროს უკრაინელები წარმატებით ესხმიან თავს ზურგში მყოფ მომარაგების ცენტრებს, იქნება ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მასალების საწყობები თუ ლოჯისტიკური კვანძები, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც ცუდ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კიდევ უფრო ართულებს“, – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
უსაფრთხოების სისტემების ექსპერტის შეფასებით, რუსეთის ლოჯისტიკური პრობლემები ომის დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა შემდგომ, ომის გაგრძელებასთან ერთად ეს პრობლემა თითქოსდა დარეგულირდა, თუმცა ახლა, ეფექტური დარტყმებით რუსული სამხედრო ნაწილების მომარაგება რთულდება, რაც გოცირიძის თქმით, საბრძოლო უპირატესობის უკრაინელების ხელში გადასვლას იწვევს.
„რუსეთი საკუთარ ზურგში მშვიდად ვერ იქნება.. თუკი დადასტურდა, რომ ეს სარაკეტო კომპლექსი უკრაინამ საშტატო შეიარაღებად მიიღო, ეს ძალიან დიდ გარდატეხას მოახდენს“ – ანდრო გოცირიძე
„ყირიმზე დარტყმას უზარმაზარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.. ძალიან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში, უკრაინელები წარმატებით ესხმიან თავს ზურგში მყოფ მომარაგების ცენტრებს,“– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
„პრინციპში, მანამდე საბრძოლო საწყობებზე ძალიან მძიმე დარტყმა მიიტანეს, რამაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ახლა აეროდრომზეა საუბარი. ამას წინათ კოლონებიც ძალიან აქტიურად იბომბებოდა, ეს ყველაფერი მომარაგებაში ძალიან დიდ პრობლემებს წარმოქმნის.
ხიდები დაიბომბა და შესაბამისად, როცა მომარაგება წყდება, იქმნება უკრაინის შეიარარებული ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა. თანაც ფსიქოლოგიურად, რუსულ ჯარზე გამანადგურებლად მოქმედებს, რაც უკრაინელებისთვის მხოლოდ წარმატების საწინდარია.
რა თქმა უნდა, უაზრო ოპტიმიზმში არ უნდა გადაგვეზარდოს, რომ ომი მალე დასრულდება და უკრაინის ტერიტორია ერთ ან ორ თვეში გათავისუფლდება, ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ახლა საუბარია სამხედრო, სტრატეგიულ უპირატესობაზე, ასეთი თავდასხმები კი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: გავრცელდა მრავალი ვერსია – რუსები ამბობენ, რომ ეს დაუდევრობის შედეგი იყო, ამბობენ დივერსიის ვერსიასაც, რაც თავისთავად რუსული თავდაცვის მექანიზმების ჩავარდნას გულისხმობს, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაჟღერდა ვერსია, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოსაა – რომ ეს იყო უკრაინული მძიმე შეიარაღება, ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, ე.წ გრომ 2 (Grom-2), რომელიც წლების მანძილზე მუშავდებოდა უკრაინაში და რომლის ფრენის სიშორე, აქამდე გამოყენებულ ყველა სხვა დანარჩენ იარაღზე შორს – 400-დან 500-კილომეტრამდეა, პრაქტიკულად, „ისკანდერის“ ანალოგია“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას გოცირიძემ.
სარაკეტო კომპლექსი Grom-2
მისი აზრით, თუკი დადასტურდა, რომ ეს შეიარაღება, რომელიც უკრაინის დამუშავებაში იყო, ქვეყანამ უკვე საშტატო შეიარაღებად მიიღო და საბრძოლო მოქმედებაში იყენებს, ეს ბრძოლებში ძალიან დიდ გარდატეხას შეიტანს, რადგან უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ამ მანძილზე ჯერჯერობით უკრაინული შეიარაღება (იგულიხმება დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება) ვერ სწვდებოდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარ ზურგში მშვიდად ვერ იქნება.
ლუკაშენკო და ბელარუსის როლი საბრძოლო მოქმედებებში
„მოდით, გავჩერდეთ! უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს“, – ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ განცხადების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა მალევე რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები განაახლა და კრემლის აგრესორ ვლადიმერ პუტინს კვლავინდებურად „მხარში დგომა“ აღუთქვა.
ანდრო გოცირიძეს ვკითხეთ, რეალურად ესახება თუ არა რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, რაზედაც უსაფრთხოების სპეციალისტმა გვიპასუხა, რომ ეს არამც და არამც არ მოხდება, რაკი ბელარუსის კონფლიქტში ჩართვა, ისევ და ისევ ლუკაშენკოსთვის იქნება დამანგრეველი.
„ლუკაშენკო ძველი ყაიდის პოლიტიკოსია და მას თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკოსის სახესთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ის საკმაოდ ცბიერია და დღევანდელ სიტუაციაში ომში არამც და არამც არ ჩაერთვება.
წვრთნები მას პუტინისთვის სრული მზადყოფნის საჩვენებლად, ერთგულების დასადასტურებლად სჭირდება და ეცდება აჩვენოს, რომ ყველანაირ სიტუაციაში გვერდში დაუდგება, მაგრამ ომში არ ჩაერთვება.
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი
ჩემი აზრით, ლუკაშენკო ომში შესაძლოა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაერიოს, თუკი უკრაინის დამარცხება გარდაუვალი იქნება. ლუკაშენკო ეცდება, საზეიმო სუფრიდან ტორტის დიდი ნაჭერი მიიღოს, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას.
სხვა შემთხვევაში და მით უფრო, უკრაინის მზარდი სამხედრო დახმარების ფონზე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ბელარუსი ამ კონფლიქტში ღიად ჩაერთოს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა რუსეთს ბოლომდე „ვერ მოერევა“, ბელარუსისთვის პასუხის გაცემა მას შეუძლია და ლუკაშენკოს არც თუ ისე მყარი რეჟიმისთვის თანაც ბელარუსის ტერიტორიაზე მიყენებული დარტყმა გამანადგურებელი იქნება“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.
მოსალოდნელი პროვოკაციები „დამარცხებული რუსეთის სახის შესანარჩუნებლად“ ?!
„არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული იმპერიის არსენალში ყოველთვის არის ისეთი ცნება, როგორიცაა: „Маленькая Победоносная Вайна“ (მცირე გამარჯვებული და წარმატებული ომი). რუსეთმა ეს შეიძლება საქართველოსთან გაითამაშოს, ასევე, ჩრდილო ყაზახეთის მიმართულებით“, – გვითხრა ანდრო გოცირიძემ და რუსეთის მარცხის შემთხვევაში მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.
გოცირიძის შეფასებით, რა თქმა უნდა, რუსეთი დიდ სახელმწიფოებთან კონფრონტაციას მოერიდება, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს ევროპის შუაგულში გარკვეული კონფრონტაცია, მისი „პროქსის“, სატელიტების მეშვეობით, ანუ, სულ სხვა მიმართულებაზე გაამწვავოს ვითარება.
კრემლის ლიდერი 9 მაისის აღლუმზე
როგორც უსაფრთხოების სპეციალისტმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რეჟიმისთვის აუცილებელია „მძლავრი მუშტისა და ჩექმის“ იმიჯის შენარჩუნება, პირველ რიგში, ისევ საკუთარი „ამომრჩევლის“ თვალში.
„რა თქმა უნდა, იქ ამომრჩეველი არ არსებობს, მაგრამ მხარდამჭერები მას აუცილებლად სჭირდება და სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის ევროპის ჟანდარმის დღევანდელ ფუნქციას რუსი მოსახლეობის 80-90% მხარს უჭერს“, – დასძინა ექსპერტმა.
„ომში გვითრევენ“?! – შესაძლო გავლენა ქართულ საზოგადოებაზე
ანდრო გოცირიძის შეფასებით, „ომში ჩართრევასთან“ დაკავშირებული განცხადებები საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაციაზეა გათვლილი. ექსპერტის თქმით, საერთაშორისო არენაზე ამაზე უფრო წარუმატებელი რიტორიკა მას არ წარმოუდგენია, რომ საქართველომ აწარმოოს.
2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ოკუპანტების სამხედრო კოლონა შემოიჭრა
გოცირიძის მოსაზრებით, ერთადერთი, ვისაც ომი უნდა და ვინც ამ ომის სხვა ტერიტორიაზე გადასროლაზე ფიქრობს, მხოლოდ რუსეთია.
„დასავლეთს ომი არ სურს, მეტიც, დასავლეთისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნება წლების მანძილზე ნაშენები ქართული შეიარაღებული ძალების თუ სახელმწიფო სტრუქტურების განადგურება, რომელიც ახალ ინექციებს მოითხოვს და მეორე მხრივ, რასაკვირველია, საქართველო-რუსეთის ახლანდელი ომი, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის ნახტომს სამხრეთ კავკასიაში, რაც წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს უნდოდეს, მით უმეტეს, დასავლელ პოლიტიკოსებს.
ერთადერთი, ვისაც ომი უნდა, ეს არის რუსეთი, თუმცა, თუკი შანსებზე ვსაუბრობთ, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებების განახლებას გულისხმობს, გეტყვით, რომ ის რაც რუსეთს წაახალისებს, ომის გაჩაღებისკენ უბიძგებს, ეს არის ქვეყნის სისუსტე.
თუ რუსეთს ეცოდინება, რომ წინააღმდეგობას მარტივად გადალახავს და მას იმ ტერიტორიაზე პოლიტიკური დასაყრდენი ეყოლება, ის ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
მისივე თქმით, თუ რუსეთს ეცოდინება, რომ მას ეს უკრაინაში არსებული პრობლემების ფონზე, ძვირი დაუჯდება, ის ფრონტის გაწევას ვერ მოახერხებს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქედან ძლიერი საბრძოლო მზადყოფნა და მოსახლეობაში მაღალი საბრძოლო სულისკვეთებაა.
„რუსეთი ამ ინტერესის რეალიზებას ან დღეს ეცდება და ან ხვალ“ – რა უნდა იყოს თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება
უსაფრთხოების ექსპერტს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებაც ვთხოვეთ, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ 2008-ში საქართველოს „მშვიდობის იძულების ოპერაცია“ მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა და ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთისნაირ სახელმწიფოს ვერ დაუპირისპირდება.
ანდრო გოცირიძე მედვედევის აღნიშნულ განცხადებას, მხოლოდ ამ კონტექსტში, სერიოზულად არ განიხილავს, რადგან მისი თქმით, მედვედევმა შეიძლება ყველაფერი იკადროს, რაკი ბოლო დროს გაწონასწორებული განცხადებებით არ გამოირჩევა.
ფოტოზე: 2008 წლის აგვისტოს ომი
გოცირიძის შეფასებით, როგორც ჩანს, მედვედევი პოსტპუტინისტური ეპოქისთვის ემზადება, იმისთვის, რომ ომის პარტიის ხმები მოიპოვოს.
„ზოგჯერ მსგავსი ფიგურისგან ეს ყველაფერი კომიკურადაც კი ჟღერს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედვედევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, პუტინის მოადგილეა და როდესაც ის აცხადებს, რომ შემდგომი ამ ჩამონათვალში შესაძლოა საქართველო და ყაზახეთი იყოს და თანაც ამ რიტორიკაში პუტინს იმოწმებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის რუსული პოლიტიკის ხელსაწყო და სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ:
რომ რუსეთს ეს ინტერესი აქვს და ის ამ ინტერესის რეალიზებას ან დღეს ეცდება და ან ხვალ, ხოლო თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის, პირველი: დემოკრატიული საზოგადოების აშენება და დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია და მეორე შეიარაღებული ძალების + ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების და სამოქალაქო თავდაცვის სრული მზადყოფნა, რათა რუსეთის დაზვერვას ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამგვარი ნახტომი, მას ძვირად დაუჯდება.“ – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.