LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული კანონით რომელიმე ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას, ხელისუფლებას ეხმარება“ – სალომე სამადაშვილი

143
სალომე სამადაშვილი

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

აღნიშნულს საარჩევნო გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსული კანონით რომელიმე ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას, ხელისუფლებას ეხმარება“.

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია“ – თამარ კორძაია

„საზოგადოების მხრიდან შეგუება – ესაა ავტოკრატიული რეჟიმის მთავარი ამოცანა თავისუფლების წართმევის მცდელობისას. შემგუებლობა და წინააღმდეგობის შეწყვეტა თავისუფლების გარდაცვალებას ნიშნავს. ეს გააკეთა პუტინმა რუსეთში, ლუკაშენკომ ბელარუსში ჩვენს თვალწინ და ეტაპობრივად, თავისუფალი საზოგადოების ჩანასახი გაანადგურა.

ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან” – „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! – მამუკა მდინარაძე

ივანიშვილი თვლის, რომ უკვე ბევრ რამეს „შეაგუა“ ქართველი ხალხი. იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვა და გინება „მოსულა“, რომ რუსული კაპიტალის და რუსების ქვეყანაში უკონტროლო შემოსვლა „მოსულა“, ვაშინგტონი და ბრიუსელი, თუ გაკრიტიკებას, არა უშავს, მთავარია, კრემლმა შეგაქოს. შეგვაგუა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ცხოვრების წესია, რომ სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლაში ადამიანი აუცილებლად გაიჭყლიტება…სიღარიბეს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ასობით ათას ადამიანს, პურის ფულს რომ უგდებს და მუშაობის უფლებას და ღირსეულ ცხოვრებას ართმევს, თვლის, რომ შეგვაგუა.

„სირცხვილიაზე”- რუსული კანონით რომელიმე ცალკეული ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი სწორედ ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას ეხმარება, ეხმარება ხელისუფლებას, ის რაც არაა ნორმალური, აქციოს ნორმალურად…

26 ოქტომბერს ვიღებთ გადაწყვეტილებას ვაპირებთ თუ არა შევეგუოთ კიდევ უფრო მეტს – მეტი ქართველისგან დაცლილ ქვეყანას, გაზრდილ სიღარებეს, ოფიციალურად გაუქმებულ ევროპულ მომავალს, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას და საქართველოს სწრაფი მარშით უკვე ფორმალურად რუსეთისკენ სვლას.

მორალური გატეხვა მხოლოდ ადამიანის არა, მთელი ერისაც შეიძლება. დღეს ესაა რუსეთის და ივანიშვილის ამოცანა. არსებობს მომენტი, როდესაც საზოგადოება იფიტება და ერთბაშად ბარდება მტერს. ეს მომენტი ქართველ ხალხს უახლოვდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა დარჩა – 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება“, – წერს სამადაშვილი.

პოპულარულები