LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული პროვოკაციები, უკანონო დაკავებები, მოსახლეობის იზოლაცია – მზადდება ჟენევის შეხვედრისთვის

113
111

პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში.

შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინიტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან, ქართული მხრიდან კი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის ამბავს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, თანათავმჯდომარეებს მიმართეს თხოვნით, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს:

„ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით“.

ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები, სამწუხაროდ, აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს.

დარსალიამ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ თემებზე – ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g