ოკუპირებული ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, – ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი ექიმის, მარინა კოჩიევას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა. ინფიცირებულია 14 წლის ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში ირიცხება და რეგიონში რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა. დანარჩენი ორი – დედა და მისი 6 წლის შვილი, ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.
“დედა და შვილი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. სამკურნალო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არავითარი კლინიკური სიმპტომი არ ჰქონდათ”, — ამბობს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, ანა გაგლოევა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.