როგორ მოემზადნენ საკონდიტრო კომპანიები აღდგომის პერიოდისთვის, რამდენი სახეობის პასკას სთავაზებენ მომხმარებელს და რა ღირს სააღდგომო პასკა? ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” რამდენიმე საკონდიტროს წარმომადგენელს ესაუბრა…
შპს ”ტკბილი ქვეყანა” მომხმარებელს სააღდგომოდ 11 სახეობის პასკას სთავაზებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პასკების ცხობა საკონდიტრომ 15 აპრილს დაიწყო და მსურველებს ”ტკბილი ქვეყნის” პასკების შეძენა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელში შეუძლიათ.
”8 წელია კომპანია მომხმარებელს სააღდგომო პასკებს სთავაზობს. წელს 11 სახეობას ვაცხობთ. გვაქვს პასკები პუდრით, შოკოლადით, მარცეპანით სხვადახვა შეფუთვებში. ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით პასკა ცხვება ჩვენს საკონდიტროში და რეალიზაციაც სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება”, – განაცხადეს ”ტკბილ ქვეყანაში”.
ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” მომხმარებელს წელს 3 სახეობის პასკას სთავაზებს, ფასები კი 9.90 ლარიდან იწყება და 16.90 ლარამდე მერყეობს. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროს წარმოების მენეჯერმა თამუნა ტოკლიკიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ”ლე გატოს” ობიექტებზე და რამდენიმე მაღაზიაში ხორციელდება. ”ვაცხობთ სამი სახეობის პასკას – ” ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქიშმიშიანი პასკა, ევროპული პასკა ცუკატებით და შოკოლადის პასკა, რომელსაც მომხმარებელს მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ”, – აღნიშნა ტოკლიკიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”ლე გატო” პროდუქციას მხოლოდ ნატურალური პროდუქტით ამზადებს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
სააღდგომოდ მოემზადა ქართული პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია ”იფქლიც”. როგორც აქ განმარტეს, კომპანია პასკებს საკუთარი საფირმო რეცეპტით აცხობს.
„იფქლის“ ქიშმიშიანი პასკები უმაღლესი ხარისხის ფქვილით და სხვადასხვა სახის სანელებლებით მზადდება, რაც ხდის კიდეც მას ასეთ გემრიელს და განუმეორებელს. წელს მომხმარებლებს კომპანიის მიერ წარმოებული სამი ზომის პასკის ხელმისაწვდომ ფასად შეძენება შეუძლიათ. დიდი პასკის (650 გ) ფასი 4 ლარს შეადგენს, საშუალოსი (340 გ) – 2.50 ლარს, პატარა პასკა (240 გ) კი მხოლოდ 1.50 ლარი ეღირება”,-აღნიშნა ”იფქლის” წარმომადგენელმა მარიამ გოგიშვილმა.
მისივე თქმით, ”იფქლის” პასკების შეძენა მომხმარებელს შეუძლია “იფქლის” მაღაზიებში და თბილისის თითქმის ყველა მაღაზიაში.
პასკების არჩევანი დიდია შპს ”გურმეშიც,” კომპანიის პასკები მისსავე საკონდიტროში, ასევე თბილისის დიდ სავაჭრო ქსელებში იყიდება. ”გვაქვს პასკის რამდენიმე სახეობა: ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული პასკა, ასევე შოკოლადის პასკა და ევროპული ცუკატებით დამზადებული პროდუქციაც. ფასები კი 10-12 ლარის ფარგლებშია”, – განაცხადეს ”გურმეში”.