„მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს ძალ-ღონეს და დაესწრება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, ხვალინდელ პროცესზე სასამართლო ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სასამართლო დარბაზში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ლუსტრაცია თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირი გამოჩენის, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის ხალხისადმი მიმართვის და მისი უშუალოდ სასამართლო წინაშე წარდგენის.
„რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ყველამ კარგად ვიცით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის თვენახევრის მანძილზე ფაქტიურად სასამართლო პროცესებს არ ნიშნავდნენ, ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილის იმდაგვარად ფიზიკურ დასუსტებას, ისე დასუსტებას, რომ პროცესზე დასწრება არ შეძლებოდა.
10 ნოემბერს გამართულ პროცესზე ჩვენ ვითხოვდით, რომ სააკაშვილი მოყვანილიყო სასამართლო დარბაზში, რაზეც ფაქტობრივად, არა თუ პასუხი ვერ მივიღეთ, არამედ სასამართლომ თქვა, რომ ბრალდებულის – საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარეშე განაგრძობდა საქმის განხილვას.
ხვალ არის “პიჯაკების საქმე” ჩანიშნული 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პარასკევს გაიგზავნა, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მათ შორის, დღესაც როდესაც ექიმებს ვესაუბრეთ აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა. შესაბამისად ხვალინდელ პროცესზე სასამართლო ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სასამართლო დარბაზში. თუ გააკეთეს ის რაც გააკეთეს 10 ნოემბერს ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ლუსტრაცია თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირი გამოჩენის, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის ხალხისადმი მიმართვის და მისი უშუალოდ სასამართლო წინაშე წარდგენის. 9 წელია საზოგადოებას კვებავენ სიცრუით – “აი მიხეილ სააკაშვილს ჩვენ გავასამართლებთ” “აი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაჩვენებთ მტკიცებულებებსა და საქმეებს“, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში ამყოფებს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასაც არ ცდილობს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.