უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, საქართველოშია. როგორც დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.
როგორც ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, მას წერილი მიხეილ სააკაშვილმა მისწერა და მისი სურვილი იყო ციხეში შეხვდეს. უკრაინის ომბუდსმენის თქმით, სწორედ ამიტომაც საქართველოში ჩამოფრინდა. როგორც მანვე აღნიშნა, საჭირო წერილი გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე ნოტა უკრაინის საელჩოში.
„ველოდები პასუხს, რომ ხვალ შევხვდე სააკაშვილს. ჯერ არ ვიცი ჩემი წერილის განხილვის შედეგი. ახლა ზუსტი ინფორმაცია უნდა მივიღო სააკაშვილის ექიმებისა და ადვოკატებისგან, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, ის სიმძიმით შიმშილობის 46-ე დღის შესაბამისია. შიმშილობის 46-ე დღეა და სტრასბურგის სასამართლოსაც მოთხოვნილი აქვს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მაღალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობებია.
ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. ეს არ არის მხოლოდ წამებისგან თავისუფალი მოპყრობის მოთხოვნა, ეს არის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს შესაძლოა, გამოუსწორებელი, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს.“ – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
ექსპრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა მზად არის, სასამართლოს წინაშე წარდგეს: ნიკოლოზ ყიფშიძე