ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ექიმები ამჯერად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეიკრიბნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ არ გადაიყვან, შესაძლოა, მისი შიმშილობა სავალალო შედეგით დასრულდეს.
მათივე თქმით, სურთ საერთაშორისო თანამეგობრობას გააგებინონ ქვეყანაში არსებული ვითარება და რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის სრულიად დაუცველი და ირღვევა კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული მისი უფლებები.
ოფისთან შეკრებილმა ექიმებმა ასევე წაიკითხეს წერილი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადასცემენ:
“ჩვენ მოვედით ევროკავშირის შენობასთან და დახმარებას ვთხოვთ ევროკავშირს, ისევე, როგორც ვიყავით აშშ-ის საელჩოსთან, ისევე, როგორც გავგზავნეთ წერილები ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციაში, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსში და ა.შ.
ექიმები პაციენტის უფლებების დაცვას ვითხოვთ. პაციენტი არის ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სრულიად დაუცველია. გვინდა,რომ მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება მოიპოვოს.” – თქვა საქართველოს გასტროენტოროლოგთა და ჰემატოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარემ მანანა ჯებაშვილმა.
მისივე განცხადებით, არ არის სწორი ინფორმაცია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება მრავალპროფილური და სრულად აღჭურვილია.