სადღესასწაულო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება მხიარული სამზადისი და საახალწლო ორცხობილების ერთად გამოცხობაა. შაქრის და ჯანჯაფილის, ფხვიერი ორცხობილა და თაფლიკვერი, არჩევანი თქვენზეა, ჩვენ კი, საახალწლო ტკბილეულის საუკეთესო რეცეპტებს გთავაზობთ.
შაქრის ორცხობილა
ყველას საყვარელი კლასიკური ორცხობილას რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მისი გაფორმება კი, საკუთარი ფანტაზიით შეგიძლიათ.
ინგრედიენტები ორცხობილასთვის – 250 გ. ნაღების კარაქი, 250 გ. შაქრის პუდრი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 1 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი, 650 გ. ფქვილი.
ინგრედიენტები მინანქარისთვის – 6 სუფრის კოვზი რბილი ნაღების კარაქი, 750 გ, შაქრის პუდრი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექტრაქტი, 3 სუფრის კოვზი რძე და საკვები საღებავი გემოვნებით.
მომზადების წესი – კარგად არეულ ფქვილს და მარილს, ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი, ცალკე არეული კვერცხი და ექტრაქტები. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ და 1-2 საათით გააჩერეთ მაცივარში.
ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელებული 4 მმ-ის ცომიდან, ფორმებით ამოჭერით ფიგურებიანი ორცხობილები და 7-9 წუთი გამოაცხვეთ 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. მინამქრის წასმამდე ორცხობილა გააციეთ.
მინანქრის მოსამზადებლად ათქვიფეთ კარაქი, შაქრის პუდრი, ვანილი და რძე. სხვადასხვა ფერის მისაღებად შეგიძლიათ დაუმატოთ საკვები საღებავიც. გადაუსვთ მინანქარი ორცხობილას და მორთეთ საკუთარი გემოვნებით.
შოტლანდიური მინი
ფხვიერი ორცხობილა განსაკუთრებით ცხელ შოკოლადს უხდება, საახალწლო ფერებში გაფორმებული კი, ის სადღესასწაულო მენიუს ნამდვილი შედევრია.
ინგრედიენტები – 300 გ. ფქვილი, 125 გ. ნაღების კარაქი და 1 სუფრის კოვზი ფერადი შაქარი.
მომზადების წესი – ბლენდერში ათქვეფილ ფქვილს და შაქარს დაუმატეთ კარაქი და ისევ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოიღეთ ცომი ჯამში და ხელით, აკურატულად შეურიეთ შაქარი. გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე და 15 წუთით შეინახეთ მაცივარში.
დაჭერით ცომი 1 სმ.რადიუსის კვადრატებად და 18-20 წუთი გამოაცხვეთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ოთახის ტემპერატურაზე ორცხობილას შენახვა 5-7 დღე შეიძლება.
ფხვიერი ორცხობილა ჟოლოთი და თეთრი შოკოლადით
წარმოუდგენელია ახალი წელი შოკოლადის ან კენკრას გარეშე. ორივე ერთად კი, ის ნუგბარია, რომელიც დახვეწილ საახალწლო საჩუქრადაც შეიძლება იქცეს.
ინგრედიენტები – 80 გ. დარბილებული კარაქი, 125 გ. ყავისფერი და 80 გ. ჩვეულებრივი შაქარი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 375 გ. ფქვილი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და სოდა, 200 გ. ჟოლო და 125 გ. თეთრი შოკოლადი.
მომზადების წესი – ერთმანეთში კარგად არეულ კარაქს და შაქარს დაუმატეთ ჯერ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, მერე კი, ცალკე ჯამში აურიეული ფქვილი, მარილი და სოდა, ბოლოს კი, ჟოლო და მცირე ზომის ნატეხებად დატეხილი შოკოლადი.
გადმოიღეთ ცომი კარაქწასმულ პერგამენტზე და 8-10 წუთი გამოაცხვეთ 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.
ჯანჯაფილის ჩიფსები
საახალწლო ორცხობილას კიდევ ერთი მარტივი რეცეპტია ჯანჯაფილის “კაცუნები”, რომელთა მომზადება განსაკუთრებით სახალისოა ოჯახის ყველაზე პატარა წევრებთან ერთად.
ინგრედიენტები – 125 გ. შაქარი, 125 გ. ბადაგი, 1 კვერცხი, 550 გ. ფქვილი, 1,5 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, მიხაკი და საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, სოდა და მუსკატის თხილი.
მომზადების წესი – ცალკე აურიელი მშრალი ინგრედიენტები
დაუმატეთ შაქარის, კვერცხის და ბადაგის მასას და მანამდე მოზილეთ, სანამ რბილ ცომს არ მიიღებთ. გადააფარეთ საკვები პოლიეთილენი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ 4 მმ-ს ცომი, გამოჭერით კაცუნების ფორმები და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხებულ ღუმელში 8-10 წუთი.
ლებკუჰენი
ლებკუჰენი თაფლიკვერას ნიშნავს და გერმანელების საყვარელ საშობაო ტკბილეულია, რომელიც პირველად მე-14 საუკუნეში გამოაცხვეს ნიურნბერგში და მას მერე დღესასწაულის ტრადიციულ ნუგბარად ითვლება.
ინგრედიენტები – 200 გ. ფქვილი,85 გ. ნუშის პასტა, 80 გ. მოხალული ნუში და თხილი, 150 გ. ცუკატი (ფორთოხალი ან ლიმონი), 4 წვრილად დაჭრილი ფინიკი, 80 გ. ატმის ჯემი, 3 კვერცხი, 200 გ. ყავისფერი შაქარი და 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი, 2 სუფრის კოვზი რძე, ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და მუსკატის თხილი, მარილი და მიხაკი გემოვნებით.
მომზადების წესი – დაფქვილ ნუშს და თხილს, დაუმატეთ ცუკატი, ფინიკი და ნუშის პასტა, შემდეგ ჯემი, კვერცხი და შაქარი, ბოლოს კი, ერთმანეთში არეული ფქვილი, საფუარი და სუნელები. ცომი ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში მთელი ღამით შეინახეთ.
მრგვალი ფორმა მიეცით ორცხობილებს და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე. სამ-სამი ნუში გაანაწილეთ თითო ორცხობილაზე და 14 წუთით შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
გადაუსვით გაციებულ ორცხობილას რძეში ათქვეფილი შაქრის პუდრის მასა.