LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

150
დვალი და აქიმიძე

სააპელაციო სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი და ტელეკომპანიის მფლობელად სასამართლომ კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დატოვა.

„ჩვენ სამართლიანობას ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ ამ ქვეყანაში, იმ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არაფერი არ იყო. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტთ და წავიღებთ შემდეგ ინსტანციაში გასასაჩივრებლად და იქაც თუ იგივე დადგა, მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ. ვითხოვთ ჩვენი წილის, „რუსთავი 2“-ის 60%-ის, ჩემი და ჯარჯი აქიმიძის წილის დაბრუნებას,“ – განაცხადა დავით დვალმა.

ფინალურ სხდომას მხოლოდ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაესწრო.

მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება 30-დღიან ვადაში ჩაბარდებათ.

„დასაბუთებული გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ჩაგვაბარებენ 30 დღის ვადაში. ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, როგორ შეაფასებს სააპელაციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავებულად იყო მიღებული პირველი ინსტანციის მიერ და არ დააკმაყოფილა ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგე მხარე გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, მიიჩნევენ, რომ აქ მათი უფლება სამართლიან სასამართლოზე ირღვევა, თუმცა ვერ გეტყვით, რომელი უფლება ვერ გამოიყენეს მათ, ან რაში გამოიხატება მათი უფლებების დარღვევა, პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ,“ – აცხადებს პაატა სალია.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“ 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

2019 წლის 30 ივლისს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზედაც მათ უარი თქვეს. მათი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ „რუსთავი 2“ -ის 60%-იანი წილი დააყადაღა. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ 2004 წელს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანიის წილი.

იმავე წელს ხალვაში მფლობელი გახდა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მას იძულებით შეაძენინეს წილი და შემდეგ იძულებით დაათმობინეს 2006 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g