დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში – 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.