LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო მაქინაციები – ხელისუფლება საარჩევნოდ პირობებს იუმჯობესებს  

ხელისუფლება სარჩევნო კამპანიისთვის ვადას ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის დაწესებული რეგულაციები შედარებით მცირე დროში იმოქმედებს. რეგულაციები კი, როგორც წესი,  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. ანუ,  ამ ცვლილებით, საჯარო მოხელეები და მთელი ხელისუფლება ისე აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას, ისე დახარჯავს ბიუჯეტის  რესურსს,  რომ ამას აგიტაციის სახელს არ დაარქმევს. ოპოზიცია კი ვერც ამ რესურსს გამოიყენებს და  არასაარჩევნო პერიოდში გაწეული აგიტაციაც კი შემდეგ, შესაძლოა, პრობლემების შემქმნელიც კი აღმოჩნდეს.

საქმე ის არის, რომ პარტიები არჩევნების შემდეგ წარადგენენ საარჩევნო აგიტაციისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშს და, თუკი  პარტია ჩაწერს მხოლოდ ამ  შემცირებულ ვადაში გაწეულ ხარჯს, მაკონტროლებელმა შესაძლოა, მანამდე გაწეული რაიმე აქტივობა აგიტაციად ჩაუთვალოს და სანქციები დააკისროს მაშინ, როდესაც  ვადის შემცირება ცალსახად ხელისუფლების ინტერესში შედის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას ეკრძალება, ადმინისტრაციული  რესურსის, მათ შორის, შენობების, ბიუჯეტის გამოყენება, საჯარო მოხელეების სამუშაო საათებში კამპანიაში ჩართვა და ა.შ. ამ პერიოდში, მაგალითად,  გზის გაყვანა, ვინმეს ქორწილში მისვლა და ბეჭდის ჩუქება, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები და თუნდაც რაღაც დაპირებების მიცემა, ითვლება საარჩევნო კამპანიად და მმართველ გუნდს ამის გაკეთება ეკრძალება.  ამიტომ, თუკი ამ აკრძალვისთვის პერიოდი შეუმცირდებათ,  საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ რესურსს უფრო მეტად გამოიყენებენ  პარტიული ინტერესებისთვის.

ამის საშუალებას კი  „ქართულ ოცნებას“ მათ მიერვე ინიცირებული  კანონპროექტი აძლევს, რომელსაც საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებენ.  

ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი  და 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება.  აქამდე ეს ვადა 60 დღეზე გვიან არ უნდა მომხდარიყო. არჩევნების ოფიციალურად  დანიშვნის  დღიდან კი ოფიციალურად იწყება საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, რეგულაციების ამოქმედება. ამიტომაც აქვს  ასეთი მნიშვნელობა ამ ვადის შემცირებას.

მმართველი გუნდის არგუმენტები

„3-თვიანი საარჩევნო კამპანია მოსახლეობის  და ამომრჩეველის  შეწუხებაა“  – ასე ხსნის თბილისის მერობის ხელისუფლების სავარაუდო კანდიდატი, კახა კალაძე, მოსალოდნელ ცვლილებებს და დამატებით არგუმენტად ხარჯების დაზოგვასაც ასახელებს.

„3 თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან რთული და ამავდროულად დამოკიდებულია ფინანსებზე და ბიუჯეტის ხარჯებზე. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით,  ევროპის ქვეყნებში წინასაარჩევნო დროდ 40-45 დღე ან ერთი თვეა განსაზღვრული, ჩვენს შემთხვევაში კი ოპტიმალური 2 თვე შეიძლება იყოს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება,“ – აცხადებს კალაძე „ფორტუნას“ კითხვის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე არგუმენტები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც.

„ფორტუნასთან“ საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ამბობს, რომ  ცვლილება სწორედ  თანხის დაზოგვისთვის კეთდება. ამასთან, ის იმ საფრთხეებზე, რაც ზემოთ არის ნახსენები, ამბობს, რომ  „ასეთი პრობლემები არ შეიქმნება“.  თუმცა, ვერ აკონკრეტებს,  ამისთვის რა გარანტია არსებობს.

ოპოზიციის რეაქცია საკანონმდებლო ცვლილებაზე

მერობის საკუთარი კანდიდატი უკვე წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.  თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ კანონში ცვლილების მიხედვით, ზაალ უდუმაშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოება არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე ეკრძალება.   

„არჩევნების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი“,  -ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ხელისუფლების ინიციატივას და „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ეს იქნება მისთვის ყველაზე რთული არჩევნები და თბილისში საკუთარი კანდიდატის კომფორტულ გარემოში წარსადგენად ყველა ბერკეტს და რესურსს იყენებს,“  -აცხადებს ნიკა მელია

„საარჩევნო კოდექსის“  ახალ ჩანაწერში ვერც პრობლემას ხედავს და ვერც აზრს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. როგორც კაციტაძემ „ფორტუნას“ განუმარტა, ახალი ჩანაწერი კანონში ჩვეულებრივი ფორმალობაა, რომელიც არაპროდუქტიულ და მკვდარ ნორმად დარჩება.

„პოლიტიკური პარტია საკუთარ ამომრჩეველთან ყოველთვის კონტაქტშია და ისე შეუძლია ნებისმიერი შეხვედრის ჩატარება, ვერავინ დაამტკიცებს, რომ ეს წინასაარჩევნო შეხვედრა იყო . ფორმალური ჩანაწერის გამო ყიჟინის ატეხა ზედმეტია,“ – მიაჩნია მამუკა კაციტაძეს.

მის ამ მოსაზრებას  გარკვეულწილად იზიარებენ საია-ში, თუმცა, როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას  საია-ის იურისტმა, ლელა ტალიურმა, განაცხადა, მათ ხელისუფლებისგან არგუმენტების მოსმენა სჭირდებათ, თუ ეს ცვლილება რა მიზანს ემსახურება.

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g