LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა შეჭრა: 50 წელი „პრაღის გაზაფხულიდან“ – ბოროტება ჯერ ისევ კრემლშია

337

ძალადობა, შიში, წინააღმდეგობა – შავ-თეთრი ფოტოები „პრაღის გაზაფხულის“ ჩახშობაზე ყვება. 50 წლის წინ მოსკოვში ვარშავის შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნების ხელმძღვანელებმა ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
დანა კუნდროვა მაშინ 13 წლის იყო.

 

დანა კუნდროვა: გამოფენა „საბჭოთა შეჭრა“, კურატორი

„ყველაფერი მახსოვს, განსაკუთრებით, როდესაც ჩეხეთის რადიოს შენობასთან ვიყავით, სადაც მოვლენები განსაკუთრებით დრამატულად ვითარდებოდა. გაზის ბალონები ფეთქდებოდა, ტანკის ლულები მომართული იყო ხალხზე. არ ვიცოდით გვესროდნენ თუ არა. ქუჩებში სირბილი დავიწყეთ, მამაჩემი ყვიროდა, რომ შინ დავბრუნებულიყავი“.

შუაღამემდე ერთი საათით ადრე, 1968 წლის 20 აგვისტოს, ხუთი ქვეყნის ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. კრემლს არ მოეწონა ხელისუფლების ლიბერალური და უკონტროლო პოლიტიკა. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ამჟამინდელი პოლიტიკოსები დღემდე ამ შეჭრას ოკუპაციად მიიჩნევენ.

მარტო პირველ დღეს 50 კაცი მოკლეს, მათ შორის 7 ქალი და 8 წლის ბავშვი. ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ არმიას უბრძანა წინააღმდეგობა არ გაეწიათ, რათა 1956 წლის ბუდაპეშტის სისხლიანი მოვლენები აეცილებინათ თავიდან.

 

ცნობილმა ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტმა იოზეფ კუდელკამ მოახერხა „პრაღის გაზაფხულის“ დასრულების აღბეჭდვა.

იოზეფ კუდელკა, დოკუმენტური ფოტოგრაფი:

„არ ქონდა მნიშვნელობა კომუნისტი იყავი თუ არა, ინტელექტუალი თუ უბრალო მუშა… მთავარია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ საარქივო ფოტოები, მათზე ნათლად ჩანს, რომ ჩვენ ვმოქმედებდით როგორც ერთიანი ერი“.

 

გამოფენა „საბჭოთა შეჭრა“ პრაღის მერიაში მოაწყვეს. 50 წლისთავზე ფოტოებს პოლონეთში, ბელგიაში, იტალიაში და რუსეთშიც კი გამოფენენ.

 

საბჭოთა კავშირი არსად გამქრალა. მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი დღემდე მსგავსი მეთოდებით მოქმედებს, არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებებს, სცდება ადამიანურ ჩარჩოებს და ამოძრავებს მხოლოდ საკუთარი და ხშირად გაუგებარი ინტერესები.
რკინის ფარდის მიღმა არსებული ბოროტება ჯერ ისევ კრემლში ბუდობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g